ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბები მათთვის შეუფერებელ პოზიციაზე იმყოფებიან და სატურნირო ცხრილის შუაში არიან მოქცეულნი, მატჩისადმი ინტერესი მაინც უდიდესია. “ლივერპულის” მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს ფეხის დაცდენის შემთხვევაში “წითლები” ჩემპიონთა ლიგის ზონას საბოლოოდ მოწყდებიან და მასზე მხოლოდ ოცნება შეეძლებათ. ბრენდან როჯერსის კლუბი 21 ქულით მე-11 პოზიციაზეა და მე-4 ადგილოსან “ვესტ ჰემს” 10 ქულით ჩამორჩება.
მე-7 ადგილს იკავებს “არსენალი”, თუმცა ლონდონელები დღეს გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩებიან თანაქალაქელს. ასე რომ, მასპინძელთა მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა და დღეს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.
ყველას კარგად უნდა ახსოვდეს გასულ სეზონში ამ კლუბების დაპირისპირება “ენფილდზე”. “ლივრპული” მე-20 წუთისთვის 4:0-ზე ანადგურებდა მეტოქეს და საბოლოოდ შეხვედრა 5:1 დასრულდა. თუმცა, წინა წლის “ლივერპულთან” შედარებით აჩრდილიღაა დარჩენილი. ამის მთავარი მიზეზი თავდამსხმის ხაზის დასუსტებაა. მერსესაიდელებს ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელი რომ არ ჰყავთ უკვე ბევრჯერ გვითქვამს. გარდა ამისა, კლუბს ძალიან ეტყობა დანიელ სტარიჯის არ ყოფნა, რომელსაც მთელი სეზონია ტრავმა აქვს და შეტევის ხაზი ლაზარ მარკოვიჩის, მარიო ბალოტელისა და რიკი ლამბერტის იმედზეა დარჩენილი, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ. შედარებისთვის, როჯერსის გუნდს შარშან მე-15 ტურისთვის 44 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო წელს “წითლებმა” 16 მატჩში 19-ჯერ აქვთ მეტოქის კარი აღებული. გაშვებული გოლების მხრივ არაფერი შეცვლილა, მერსესაიდელებმა ორივე შემთხვევაში 22 ბურთი გაუშვეს, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით, წელს პირდაპირ აისახება კლუბის შედეგებზე. დღეს სავარაუდოდ როჯერსის 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს. კარში კვლავ ჯონსი იდგება, დაცვას შკრტელი, სახო და ტურე გაამაგრებენ, ხოლო ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე რაჰიმ სტერლინგი გაირჯება. ვნახოთ რა შედეგს მოუტანს “ენფილდის” ბინადარს ნახსენები ტაქტიკა, ცხრილიდან გამომდინარე მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება...
ლონდონელებს ყოველთვის ძალიან აკლდათ სტაბილურობა, თუმცა წელს ამის თქმა განსაკუთრებით შეიძლება. არის მატჩები, რომელშიც “არსენალი” შეუჩერებელია, მაგრამ ზოგჯერ კლუბი ისეთ საშინელ შტაბეჭდილებას ტოვებს და ვერაფრით იფიქრებ, რომ ეს კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერლიგაში - მაგ: “სტოკთან” ჩატარებული პირველი ნახევარი, როდესაც 3:0 აგებდა ლონდონური კლუბი. “მეთოფეთა” რიგებში წელს გამორჩეული ფიგურაა ალექსის სანჩესი, რომელიც შესანიშნავად შეეწყო კლუბს და პრემიერლიგაში 9 გოლის გატანა მოახერხა. ფორმაში შედის ოლივიე ჟირუ, რომელსაც დიდი ხანი გაუცდა ტრავმის გამო. ფრანგმა მოთამაშემ წინა ტურში “ნიუკასლს” დუბლი შესრულა და ლომის წილი დაიდო თავისი გუნდის გამარჯვებაში. მოკლედ, ლონდონელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ახლა აკეთებენ ამას და ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნების შემდგომ ამ კლუბისგან გაცილებით მეტს უნდა ველოდოთ.
“ლივერპული” დღეს სტარიჯს, ფლანაგანს, სუსოსა და ჯონსონს მოისაკლისებს, ხოლო “მეთოფეებს” რემსი, როსიცკი, გნაბრი, არტეტა, უოლკოტი, ოზილი და უილშირი არ ეყოლებათ.
შეხვედრის მთავარი მსაჯი 29 წლის მაიკლ ოლივერი იქნება, რომელიც 2012 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
ურთიერთშეხვედრები
16.02.14 | ფა ქაფი | არსენალი | ლივერპული | 2 : 1 |
08.02.14 | პრემიერლიგა | ლივერპული | არსენალი | 5 : 1 |
02.11.13 | პრემიერლიგა | არსენალი | ლვერპული | 2 : 0 |
30.01.13 | პრემიერლიგა | არსენალი | ლივერპული | 2 : 2 |
02.09.12 | პრემიერლიგა | ლივერპული | არსენალი | 0 : 2 |
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (3-4-3): ჯონსი, შკრტელი, სახო, ტურე, ჯერარდი, ლეივა, მარკოვიჩი, ჰენდერსონი, კოუტინიო, ლალანა, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
არსენალი (4-2-3-1): შესნი, მერტესაკერი, ჩემბერსი, დებუში, გიბსი, ფლამინი, კასორლა, ჩემბერლენი, სანჩესი, უელბეკი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს “სილკ სპორტი” შემოგვთავაზებს.