9 მატჩი, 9 მოგება – ასეთია ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდის” მონაგარი, რომელიც ვთბ-ლიგაში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. რუსული კლუბის მორიგი მეტოქე ბელარუსის “ცმოკი-მინსკი” იყო და მასპინძლებმა, რომლებიც ლიდერ ტეილორ როჩესტის გარეშე თამაშობდნენ, 70:65 იმარჯვეს.
სასიხარულოა, რომ ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:27 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ფაცაციამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც ასეთივე მონაგარი ჰქონდა. ლევანს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ნოვგოროდელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ტერენს კინსი გახლდათ 22 ქულით, ბელარუსმა ცენტრმა არტიომ პარახუსკიმ კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 13 მოხსნა.
ფაცაციას კლუბი ვთბ-ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს რიგაში ვეფ-თან ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომ ხვალ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” უმსპინძლებს და შესაძლოა, ქართული დაპირისპირებაც ვიხილოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ ამ ვთბ ლიგაში ქართული გუნდიც თამაშობდეს კაი იქნება.