რაგბი

20:01 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ „აია“ დამსახურებულად დაამარცხა

,,ანგისაზე” გამართულ მეშვიდე ტურის გადადებულ შეხვედრას ბათუმის ,,ბათუმსა“ და ქუთაისის ,,აიას“ შორის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რიონისპირელები პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში ლიდერთა სამეულში მკვიდრდებოდნენ, ხოლო თუ აჭარელები გაიმარჯვებდნენ, ისინი უშუალო მეტოქეს გადაუსწრებდნენ და ჩემპიონატის პირველ წრეს მეოთხე ადგილზე ჩაამთავრებდნენ.

მატჩი კალენდრის მიხედვით 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო. მაგრამ მაშინ ქუთათურებს რვა მოთამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში ჰყავდათ მივლინებული და რაგბის კავშირმა მატჩის გადადების თაობაზე მათი თხოვნა გაითვალისწინა. აღნიშნულ შეხვედრას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ ბათუმელთა რიგებში რვა ისეთი მორაგბე გამოდიოდა, რომელთაც სპორტული კარიერა ,, აიაში“ დაეწყოთ.

თამაში მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მათი პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი გამოდგა. ბათუმელებმა მეტოქის 22 მეტრიან ზონაში აუტი მოიგეს, მოლით მიაწვნენ და ქუთათურები ჩათვლის ხაზამდე ათრიეს. შემდეგ ბურთი ჯონდი კორტავას გადასცეს, რომელსაც ლელოში შეღწევა აღარ გასჭირვებია. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან კობახიძეს გარდასახვა გაუცუდდა - 5:0.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებას წვიმა დაერთო, სველ მინდორზე მორაგბეებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ, ამიტომ ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ძალისმიერი ბრძოლა მიმდინარეობდა.

საკუთარ მინდორს ალღო უფრო კარგად მასპინძლებმა აუღეს და შეხვედრაც მათი კარნახით გაგრძელდა. ისინი მეტოქეს ძალისმიერ ბრძოლაშიც ჯაბნიდნენ და ბურთსაც უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ. რიონისპირელები ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი და მეტოქის შეტევების განეიტრალებას ცდილობდნენ. ქუთათურთა ასეთმა ტაქტიკამ ტაიმის შუაწელს შედეგიც გამოიღო. ბათუმელთა მორიგი იერიშის დროს ჯინჭველაშვილმა პასის ჩაჭრა მოახერხა, ბურთი მოიხელთა და 40 მეტრიანი გარბენის შემდეგ ლელოში შეიტანა, თუმცა თავადვე საკმაოდ კარგი მდგომარეობიდან რეალიზაცია ვერ გამოიყენა - 5:5.

ამის შემდეგ ისევ აჭარელებმა იძალეს და მალე ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. კობახიძემ ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 8:5.

ნახევარი საათის მიწურულს ქუთათურებმა თამაში დაალაგეს და შეტევებსაც უხშირეს. ერთ-ერთი მათი იერიშისას ზღვისპირელები საკუთარი კარის სიახლოვეს დაჯარიმდნენ და ჯინჭველაშვილმა თანაფარდობა კიდევ ერთხელ აღადგინა - 8:8.

ამის მეტი პირველ ტაიმში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარიც აჭარელთა უპირატესობით გაგრძელდა. ქუთათურებს მათი იერიშების შეჩერება უფრო და უფრო უჭირდათ და ერთ მომენტში მასპინძელთა შეკავება მხოლოდ წესის დარღვევით მოახერხეს. აფრიკელმა მსაჯმა თამაში გააჩერა და რიონისპირელთა შერკინების ნახევარმცველი თემურ თუთბერიძე 10 წუთით მოედნიდან გაასინბინა. ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმა კობახიძემ ვერ გამოიყენა.

სამ წუთში ქუთათურებს დაწინაურება მართებდათ. ახალგაზრდა ჯინჭველაშვილმა ზედ კარის წინ დანიშნული საჯარიმო მიზანს ააცილა.

58-ე წუთზე აჭარლებმა მეტოქის კაცნაკლულობით ისარგებლეს და რამდენიმე ფაზიანი შეტევა განავითარეს, საბოლოოდ ბურთს თხელიძე დაეუფლა და სტუმართა ლელოში დაამიწა. კობახიძეს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა - 13:8.

მას შემდეგ რაც მოედანზე თუთბერიძე დაბრუნდა, რიონისპირელებმა თამაში გაათანაბრეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განავითარეს, თუმცა 72-ე წუთზე კობახიძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი აჭარელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ - 16:8.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, ქუთათურებმა მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლეს, მაგრამ აქედან ხეირს ვერაფერს გამორჩნენ. მატჩის ბოლოს ისინი შეტევაში დაჯარიმდნენ, რადგან შეხვედრის დრო უკვე ამოწურული იყო. ბათუმლებმა ბურთი აუტში დაარტყეს და ამით რიონისპირელებს სანუგეშო ქულის მოპოვების შანსიც მოუსპეს.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

დავით გუგუშვილი (,,ბათუმი’’) - ,,წელს პრაქტიკულად ახალი გუნდი გავაკეთეთ, ამიტომ თავიდან შეთამაშება გაგვიჭირდა, შემდეგ ნელ-ნელა სიტუაცია გამოვასწორეთ და პირველი წრე მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. მეორე წრეში ჩვენს უშუალო კონკურენტებს საკუთარ მოედანზე ვღებულობთ და მომავალს იმედიანად შევყურებთ.“

კობა გიორგაძე (,,აია“) - ,,ვიცოდით რომ ძნელი ბრძოლა გველოდა. მეტოქის ბოლო სამი თამაში შესწავლილი გვქონდა, მაგრამ რაღაც დავაკელით. ბიჭებმა ჩვენი დავალება ბოლომდე ვერ შეასრულეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.“

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური. (გადადებული)

22 ნოემბერი. შაბათი. ბათუმი. ,,ანგისა“. 13:00 საათი. 200 მაყურებელი.

,,ბათუმი“ (ბათუმი) - ,,აია“ (ქუთაისი) 16:8 (8:8)

,,ბათუმი“: 15. კობახიძე, 14. მიმინოშვილი (ნინიძე 78), 13. გაგოშვილი, 12. გ. თუთბერიძე (ჯიმშელაძე 41), 11. კვერნაძე, 10. ოდიშარია, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 77), 1. ერისთავი, 2. გიგაშვილი, 3. კელენჯერიძე (ცხოვრებაშვილი 65) (ხოჭოლავა 73), 4. ხელაძე, 5. აზალაძე, 6. ცირეკიძე, 7. კორტავა (კ), 8. თხელიძე;

2 ლელო: კორტავა, თხელიძე;

2 ჯარიმა: კობახიძე (2);

მწვრთნელი : დავით გუგუშვილი;

,,აია“: 15. მოდებაძე (ბაბუნაშვილი 67), 14. ბ. ტორაძე, 13. ფრუიძე, 12. სინაურიძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თ. თუთბერიძე, 1. რატიაშვილი (მატარაძე 67), 2. გიორგი ტორაძე უმცროსი (მატკავა 45), 3. გიორგი ტორაძე (ლომსიანიძე 67), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. დანგაძე (კ) (კუხიანიძე 76), 7. დ. ლოსაბერიძე (გიორგაძე 67), 8. ყურაშვილი;

ლელო: ჯინჭველაშვილი;

ჯარიმა: ჯინჭველაშვილი;

სინბინი: თ. თუთბერიძე

მწვრთნელები: კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

მთ. მსაჯი: ტაჰლა ნჩაქაზა

თ/მ: ნიკა ამაშუკელი, ლუკა ქავთარაძე;

ბოლნისი ყოჩები

36

+101

8-0*1

2

ხარები რუსთავი

24

+30

5-3*1

2

ლელო სარასენს

24

+12

5-2*2

0

ბათუმი

21

+11

4-4*1

3

ჯიქი

20

+8

4-3*1

2

აია ქუთაისი ^

19

-4

4-5

3

არმია

19

-32

4-5

3

ლოკომოტივი

16

-14

3-5

4

არმაზი

14

-6

3-4

2

თიბიეს უნივერსიტეტი

3

-106

0-9

3

ქულა/სხვაობა/მოგება-წაგება*ფრე/პრემია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121646