ფეხბურთი

12:10 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ბარქაია – “ოქროს თაობის” “ფეხბურთის არისტოკრატი”

ვლადიმერ (სიომა) ბარქაია იმ “ოქროს თაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ, რომელმაც 1964 წელს თბილისის “დინამოს” ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვება შეძლო. თავის დროზე, ანდრო ჟორდანიას მიერ გაგრაში აღმოჩენილმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა “დინამოში” საკუთარი შესაძლებლობა სრულად გამოავლინა და მან გულშემატკივრებს შორის “ფეხბურთის არისტოკრატის” სახელი დაიმკვიდრა. აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ვეტერანი დინამოელი უკვე 14 წელია მშობლიურ მხარეს მოწყვეტილია და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ბატონი სიომა ჩვენთან შეხვედრას ჩვეული თავაზიანობით დათანხმდა და წარსული ამბებიც ხალისით გაიხსენა.

უარი ერევნის “სპარტაკს” და კიევის “დინამოს”

  • მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, ჩემი თაობის ბავშვების ძირითადი გასართობი ზღვაში ცურვასთან ერთად, ფეხბურთის თამაში გახლდათ. იმ პერიოდში ბიჭები და გოგოები ბურთს ერთად დავსდევდით, ხოლო ჩვენ შორის ყველაზე უკეთ ნინო უსტაბაშინა თამაშობდა, რომელიც ბავშვთა საფეხბურთო მატჩების სულისჩამდგმელი იყო. ფეხბურთის სასარგებლოდ საბოლოო არჩევანი მაშინ გავაკეთე, როდესაც ინგლისში წარმატებული ტურნეს შემდეგ გაგრაში ჩამოსული მოსკოვის “დინამო” ვნახე. 14 წლისამ რომ ჩვენი ქალაქის ნაკრების შემადგენლობაში სოხუმის “დინამოს” წინააღმდეგ ამხანაგური თამაში ჩავატარე, რომელშიც დავმარცხდი და ორი წლის განმავლობაში გუნდში აღარ მიმიწვიეს. ამის შემდეგ, გაგრის “ბურევესტნიკში” ჩავირიცხე, რომელმაც აფხაზეთის ჩემპიონატი მოიგო და საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფში მოვხვდით. სხვათა შორის, იქაც წარმატებით ვიასპარეზეთ და პირველ ჯგუფში მოსახვედრად ლანჩხუთის “გურიასთან” გვქონდა შეხვედრა ჩასატარებელი. მატჩი ლანჩხუთში დაინიშნა და კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ მოულოდნელად შეხვედრა შაბათისთვის გადაიტანეს. ჩვენი გუნდის სამი წამყვანი ფეხბურთელი ფიზკულტურის ინსტიტუტში გამოცდას აბარებდა. მათ კალენდარში ცვლილების შეტანის თაობაზე დროზე ვერ შეატყობინეს და ლანჩხუთში 8 ფეხბურთელით ჩავედით. ძალიან კი მოვინდომეთ, მაგრამ თამაში მაინც წავაგეთ 1:3. გაგრაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უმაღლესი ლიგის გუნდები ხშირად სტუმრობდნენ, რომლებთანაც ამხანაგურ თამაშებს ვატარებდით. ასეთი მატჩების შემდეგ, კიევის “დინამოსა” და ერევნის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელებს ისე მოვეწონე, რომ ჩემთან სახლში მოვიდნენ, რათა მშობლებისთვის ეთხოვათ მათ გუნდში გავეშვი. მაშინ მე-10 კლასში ვიყავი და ბუნებრივია დედ-მამა ამას არ დათანხმდა. 1956 წელს საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნაკრებში მოვხვდი, რომელსაც ანდრო ჟორდანია ავარჯიშებდა და ჩვენმა გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში უკრაინის ნაკრები 2:0. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ნაკრებს მომავალში ცნობილი საოპერო მომღერალი ზურა სოტკილავა კაპიტნობდა.

უკან გასახდელისკენ

  • 1956 წლის ნოემბერში აფხაზეთის ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური თამაში ჩავატარე თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ, რომლის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გაიოზ ჯეჯელავამ გუნდში ამიყვანა. ამის გამო, საცხოვრებლად გადმოსვლა და სწავლის გაგრძელება თბილისში მომიწია. ჯეჯელავამ პირველსავე ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის “ტორპედოსთან” ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მოედანზე რომ გავედი და ტრიბუნაზე მოსული გულშემატკივარი დავინახე, შევცბი და ჩემთვის გავიფიქრე- არც ფეხბურთი მინდა, არც არაფერი, ოღონდ აქედან წამიყვანა-მეთქი, თან გასახდელისკენ წავედი. მახსოვს, ვლადიმერ მარღანიამ ხელით დამიჭირა და უკან დამაბრუნა. სხვათა შორის, ის მატჩი საკმაოდ კარგად ვითამაშე და გოლიც გავიტანე. მეორე ამხანაგური შეხვედრა ირანს ნაკრებთან კი არ გამომივიდა, რადგან ისევ ვინერვიულე. აქვე გეტყვით, რომ მარღანია “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეორე მამასავით იყო. გუნდში ახალი გადასული ვიყავი, რომ ზამთარში მაგარი ყინვები დაიჭირა. რაიონიდან ჩასულ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად “დინამოს” საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ლამის სამი საბანი გვეფარა რომ არ გავყინულიყავით. მარღანია ჩვენთან დღეში რამდენიმეჯერ მოდიოდა, დაგვხედავდა რა მდგომარეობაში ვიყავით. ახალგაზრდები საჭმელს სასადილოში ვჭამდით და იგი მზარეულს ეუბნებოდა – ბავშვებს წესიერი სადილი გაუკეთეო. 1957 წლის პირველ იანვარს “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ამიყვანეს და “ძველი ფულით” ხელფასი 1300 მანეთი დამინიშნეს. იანვარში შეკრებაზე ბირმასა და ჩინეთში წავედით, სადაც ფეხბურთის არც თუ მაღალი დონე იყო. ბირმის ნაკრებთან მატჩისას, ამ ქვეყნის იმდროინდელ მმართველ უნოს ჩვენი ასპარეზობა ისე მოეწონა, რომ 90 წუთის გასვლის შემდეგ, ტრიბუნიდან დაიძახა – გააგრძელეთ თამაშიო. ბირმაში ყოფნისას სასადილოში მორიგე ვიყავი და მასპინძლებმა სუფრა რომ გააწყვეს, მაგიდაზე პატარა წიწაკები დააწყვეს. ანდრო ზაზროევმა ერთი წიწაკა ჩაკბიჩა, რომელიც ისეთი მწარე გამოდგა, რომ ცრემლი ადინა. მან მითხრა - ეს ამბავი არავის გაუმხილოო, რადგან სურდა წიწაკა სხვებსაც გაესინჯათ. თუმცა დანარჩენებს ამის სურვილი არ გასჩენიათ. იმავე წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი თამაში კუიბიშევის “კრილია სოვეტოვთან” გვქონდა. სათადარიგო შემადგენლობაში ვიჯექი, თან ვფიქრობდი – ნეტავ მოედანზე არ შემიყვანონ და ფეხბურთს საერთოდ თავს დავანებებ-მეთქი. თუმცა მეორე ტაიმში გაგნიძე დაშავდა და ჯეჯელავამ მის მაგივრად მათამაშა. შეხვედრაში კარგად ჩავერთვე და ღოღობერიძეს გოლიც გავატანინე. ასე რომ, დებიუტი ურიგო ნამდვილად არ გამომსვლია.

სიომას კერპი ბასა

  • ფეხბურთში ჩემი კერპი ბასა ღოღობერიძე გახლდათ, რომლის მსგავსი თავისი საქმისადმი ერთგული ადამიანი ცოტა თუ მინახავს. 1958 წელს, როდესაც “დინამოს” ძალიან უჭირდა, ღოღობერიძემ ფაქტობრივად მარტო გადაარჩინა გუნდი უმაღლესი ლიგის დატოვებას. ვლადიმერ მარღანიამ ერთხელ მითხრა- შენ არ დაიჯერებ, მაგრამ ბასამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩისას ხელი მოიტეხა, მაგრამ შეცვლა არ უთხოვია და იგი ბოლომდე ჩაამთავრა. მის საფეხბურთო ოსტატობაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ღოღობერიძე 37 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა. ტაშკენტში ჩატარებული მორიგი შეხვედრიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდით, აეროპორტში ბასას ორივე ხელით ნესვები მოჰქონდა. მოულოდნელად მას ვიღაც დაეჯახა და ღოღობერიძეს ნესვი ხელიდან გაუვარდა, რომელიც მან ფეხით ჰაერში ისე გააჩერა როგორც ბურთი, ააგდო და კვლავ ხელში დაიჭირა. ბასას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და მას დაწვრილებით ახსოვდა, თუ “დინამოში” რომელი გოლი ვინ რა დროს გაიტანა ან კიდევ რომელ მატჩში საგოლე პასი მისცა. ერთხელ მეც კი არ მახსოვდა, ისეთი მატჩი გაიხსენა, რომელშიც თურმე ჩვენი კაპიტნისთვის საგოლე გადაცემა გამიკეთებია. ძალიან გული მწყდება, რომ ავტოკატასტროფის გამო ღოღობერიძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლოგინად ჩავარდნილმა გაატარა. საერთოდ, ჩემი აზრით ასეთი ადამიანები სათანადოდ პატივისცემას იმსახურებენ, რაც ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ხშირად მიწევს გერმანიაში ჩასვლა, სადაც ვეტერან ფეხბურთელთა თაობას ძალიან აფასებენ. ჩვენთან კი მიხეილ მესხის ხსოვნის საღამო რომ გამართეს, საქართველოში მისი თამაშის ამსახველი კადრები არ მოიძებნა და დათო ქლიბაძეს მოსკოვში მოუხდა ჩასვლა, რომ ისინი შეეძინა.

თასის არაოფიციალური მფლობელები

  • თბილისის “დინამოში” ჩატარებული თამაშებიდან საუკეთესოდ 1959 წელს მოსკოვურ კლუბებთან “სპარტაკთან” და “დინამოსთან” გამართული მატჩები მიმაჩნია. სპარტაკელებთან შეხვედრას მოსკოვში 1:3 ვაგებდით და მიუხედავად იმისა, რომ იგორ ნეტო მმეურვეობდა ზედიზედ სამი გოლის გატანა შევძელი, ხოლო თამაში 5:4 მოვიგეთ. ასევე მოსკოვში “დინამოსთან” ორჯერ ავიღე მეტოქის კარი და 2:1 გავიმარჯვეთ. იმავე წელს, თბილისში მოსკოვის ცსკა-ს 4:1 მოვუგეთ და ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლებს დავეუფლეთ, რაც წინა სეზონთან შედარებით, როდესაც გუნდს ძალიან უჭირდა, კარგი შედეგი იყო. არასოდეს დამავიწყდება 1960 წლის სეზონის მიწურულს მოსკოვში საბჭოთა კავშირის თასზე ჩატარებული ფინალი, რომელშიც “ტორპედოსთან” 3:4 წაგვაგებინეს და ამაში მთავარი როლი მსაჯმა ალექსანდრე ცაპოვეცკიმ ითამაშა. თავიდან ცნობილი იყო, რომ თამაში ლიტველ არბიტრთა ბრიგადას უნდა ემსაჯა, მაგრამ საკავშირო ფედერაციამ გადაწყვეტილება თამაშამდე შეცვალა და ცაპოვეცკი დანიშნა. თქვენ წარმოიდგინეთ, მან ისე ცუდად იმსაჯა, რომ “პრავდამაც” კი გააკრიტიკა, რაც მოსკვის გუნდების გამარჯვებისას წარმოუდგენელი გახლდათ. სეზონის დამთავრების შემდეგ, ინგლისში გაგვიშვეს ტურნეში. ადგილზე ჩასულებს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში კედელზე გამოკრული პლაკატი დაგვხდა - თბილისის “დინამო” ქვეყნის თასის არაოფიციალური მფლობელი. ინგლისში გამართული სამი შეხვედრიდან “ტოტენჰემთან” 2:5 წავაგეთ, “შეფილდ უენსდეისთან” 0:5, ხოლო “ვულვერჰემტონთან” 5:2 ვიგებდით და საბოლოოდ თამაში 5:5 დავასრულეთ. სხვათა შორის, იმ ტურნეში სერგო კოტრიკაძემ ითამაშა ძალიან კარგად და “შეფილდი” მას დარჩენასაც კი სთავაზობდა. ინგლისში რამდენიმე მოსკოველი ფეხბურთელი გაგვაყოლეს გუნდის გასაძლიერებლად, მათ შორის ვალერი ვორონინიც. იგი ჩემთან ერთად ცხოვრობდა ოთახში და მინდა გითხრათ, ადგილობრივ მანდილოსნებში პოპულარობით სარგებლობდა. საერთოდ ვორონინი მეტად ტრაგიკული ბედის პიროვნება იყო. ორგზის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელსაც მსოფლიო ნაკრებშიც ჰქონდა ნათამაშები სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მატერიალურად ისე უჭირდა, ხან ვის მიმართავდა დახმარებისთვის ხან ვის. 1984 წელს ვორონინი ქუჩაში მკვდარი იპოვეს. მას თავი ჰქონდა გატეხილი და დღემდე არავინ იცის, რამ გამოიწვია ყოფილი ფეხბურთელის სიკვდილი.

ცრემლი იაშინის დანახვაზე

  • ლევ იაშინს იმ დროიდან ვიცნობდი, გაგრაში მოსკოვის “დინამოსთან” ერთად რომ ჩამოდიოდა და კარს უკან აყენებდნენ, რათა მეკარეობა ხომიჩისგან და სანაიასგან ესწავლა. იგი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას ჩვენი დამეგობრებისთვის ხელი არ შეუშლია. ფეხბურთის თამაშისთვის ორივეს თავი კარგა ხნის დანებებული რომ გვქონდა, კახა ასათიანმა დამირეკა - იაშინი გაგრაში ჩამოდის დასასვენებლად და შენ იცი, როგორ დახვდებიო. არ ვიცოდი, ცნობილ მეკარეს ერთი ფეხი რომ აღარ ჰქონდა და სადგურზე რომ ვნახე, მისი შემხედვარე გული ამიჩუყდა და თავი მივაბრუნე, რათა იაშინს ჩემი ცრემლი არ დანახა. მას ეტყობა ეგონა ვერ ვიცანი და დამიძახა – “ვალოდია ეტო ია”. სტუმარი მაშინვე სანატორიუმში წავიყვანე, შემდეგ რიწის ტბაზე დაბადების დღე გადავუხადე და ვიდრე გაგრას დატოვებდა, ყურადღება არ მომიკლია. ჩვენი ბოლო შეხვედრა 1990 წლის აგვისტოში მოსკოვში შედგა, როდესაც იაშინს იუბილე გადაუხადეს, რომელზეც მეც ვიყავი დაპატიჟებული. თბილისიდან წასვლამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა მისთვის 1200 მანეთი შევაგროვეთ, თან სოხუმის ყოფილ მერს გურამ გაბისკირიას დავურეკე, იაშინისთვის მოსკოვში აფხაზური შავი ღვინო “ლიხნი” ჩამოეტანა. ლეგენდარულ მეკარესთან სახლში რომ მივედი, იგი თავის ყოფილ კოლეგა ბელიაევთან ერთად იჯდა და კონიაკს სვამდა, თან მისაყოლებელი არაფერი ჰქონდათ. საერთოდ იაშინი ისე ხელმოკლედ ცხოვორობდა, გამიკვირდა კიდეც. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეს ოჯახში ფაქტობრივად ავეჯი არ ჰქონდა. იგი ოქტომბერში იყო დაბადებული, მაგრამ იუბილეს აგვისტოში უხდიდნენ, რაზეც იაშინმა მითხრა – ალბათ იციან, რომ საკუთარ დაბადების დღემდე ვერ მივაღწევო. მართლაც, თუ არ ვცდები, მალევე გარდაიცვალა და თავის დაბადების დღეს ვერც მოესწრო.

სპორტის დამსახურებული ოსტატობის გარეშე გაძევების გამო

  • 1964 წელს კიშინიოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩს ვატარებდით ადგილობრივ “მოლდოვასთან”. პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქის ფეხბურთელი ძალიან უხეშად მეთამაშებოდა და რამდენიმეჯერ ფეხში ფეხი ძალიან მწარედ ჩამარტყა, მაგრამ მატჩის მთავარ არბიტრის არქიპოვის სასტვენი დუმდა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ თამაში ანალოგიურ სტილში გააგრძელა და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, იგი უკნიდან მომეპარა ფეხში ჩამცხო და მაშინვე განგებ მოედანზე დაეცა, თან ღრიალი მორთო, ვითომ გაუსაძლისი ტკივილი განიცადა. არბიტრმა მკითხა – რა მოხდაო?, ცხადია ვუპასუხე – არ ვიცი-მეთქი?. ამ დროს საქმეში გვერდითი მსაჯი ჩაერია და არხიპოვი დაარწმუნა, რომ მოლდოველს უხეშად ვეთამაშე. ამის გამო, მსაჯმა მოედნიდან მოგვიანებით, როდესაც მე, შოთა იამანიძე და სერგო კოტრიკაძე მოსკოვში სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაზე წარგვადგინეს, საკავშირო ფედერაციამ სწორედ კიშინიოვის მატჩში გაძევება დაუდო საფუძვლად იმას, რათა სპორტის ოსტატის რანგში დავეტოვებინე. მახსოვს, ხარკოვში “მეტალიტსთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მსაჯმა გაფრთხილება მომცა. მეორე ტაიმის დაწყების წინ, სტადიონისკენ გასასვლელ გვირაბში იგი ჩემთან მოვიდა და მკითხა – გაფრთხილება რომ მოგეცი, მსაჯთა ოთახში რატომ არ შემოხვედიო?, რაზეც ვუპასუხე – კუდში დევნას ხომ არ დაგიწყებ – მეთქი?. ჩემმა სიტყვებმა ის ეტყობა გაანაწყენა და მატჩის მეორე ნახევარში თამაშის უფლება არ მომცა.

მესხთან არშესმული ცივი შამპანური

  • ზურა სოტკილავა თბილისის “დინამოში” პირველად რომ აიყვანეს, გუნდში ცოტა ხანი დაჰყო და შემდეგ კლუბი გაიოზ ჯეჯელავამ დაატოვებინა. მეორედ იგი “დინამოში” ანდრო ჟორდანიამ მიიწვია, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერც მაშინ შეძლო. მისთვის ჩვენი გუნდის რიგებში მოსკოვის “დინამოსთან” ჩატარებული მატჩი გამოდგა უკანასკნელი. იმ შეხვედრაში ჟორდანიამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე სოტკილავა დააყენა, ხოლო მარცხენაზე უსტაბაშინი. მოსკოველთა ფორვარდმა ურინმა უსტაბაშინი “შავ დღეში” ჩააგდო და ჟორდანიამ სოტკილავას ანიშნა – მარცხნივ შენ გადადიო. ზურას რომ შევხედე, თვალები შიშისგან შუბლზე ჰქონდა ასული. მართლაც, ურინმა არც იგი დაინდო და თამაშის შემდეგ გასახდელში შემოსულმა ჟორდანიამ განაცხადა – სოტკილავა და უსტაბაშინი გუნდიდან თავისუფლები ხართო. ზურა ცნობილი საოპერო მომღერალი რომ გახდა, ურინი მას დახმარებისთვის ხშირად მიმართავდა და სოტკილავაც უარს არ ეუბნებოდა. ერთხელ იგი მოსკოვში ქუჩაში შემხვდა და მეუბნება – სოტკილავა ცუდად მეხმარებაო. როდესაც ვკითხე, ეს რაში გამოიხატებოდა, მიპასუხა – ცოტა ფულს მაძლევსო. საერთოდ “დინამოში” ყოფნისას სოტკილავა ძალიან ხშირად მღეროდა და ერთხელ მიშა პირაევს თხოვა – ჩემი ხმა მაგნიტოფონში ჩაიწერეო, რაზეც პასუხად მიიღო – ესღა მაკლიაო. ზურა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა და შემდეგ ყველასგან უჩუმრად კონსერვატორიაში ჩააბარა, რადგან იმ პერიოდში ახალგაზრდა ბიჭებისთვის კონსერვატორიაში სწავლა და ნოტებით სიარული პრესტიჟულად არ ითვლებოდა. ერთხელ მას ქუჩაში მიხეილ მესხი შეხვდა და რესტორანში დაპატიჟა. ცივი შამპანური რომ მოიტანეს, ზურამ სასმელზე უარი თქვა, რადგან ყელს უფრთხილდებოდა, მაგრამ მიშასთან ამის თქმა რცხვენოდა. თავის მხრივ კი, მესხი უარის მიზეზს ვერ ხვდებოდა და მას ეჩხუბებოდა – რატომ არ სვამო? თუმცა ამან არ გაჭრა და რესტორნიდან ისე წამოვიდნენ ზურას შამპანური არ გაუსინჯავს. იგი კონსერვატორიის მეოთხე კურსზე რომ სწავლობდა, ქუჩაში შემხვდა და მეგობრის სახლში მიმიწვია. იქ მაგნიტოფონი ჩართეს და ჩემთვის უცნობი საოპერო მომღერლის ხმა მომასმენინეს, რომელიც ძალიან მომეწონა. მასპინლებმა ზურას თანდასწრებით რომ მკითხეს – ვინ მღერისო, მხრები ავიჩეჩე. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მითხრეს სოტკილავას ხმააო. არ მეგონა, თუ ასე კარგად მღეროდა.

1953-ში წართმეული და 1964 წელს დაბრუნებული ჩემპიონობა

  • 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა პირველად ოფიციალურად ჩვენ კი მოვიპოვეთ, მაგრამ, უნდა გითხრათ, კლუბმა არსებობის ისტორიაში ასეთ წარმატებას პირველად 1953 წელს მაშინ “დინამოს” მოსკოვის “ტორპედოს” მოუგო, ხოლო “სპარტაკმა” ლენინგრადის “ზენტთან” წააგო და ჩემპიონი ჩვენი გუნდი გახდა. თუმცა “დინამოს” მოგებული მატჩი გადაათამაშებინეს, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, თითქოს შეხვედრის დასრულებისას სტადიონზე არეულობა მოხდა. ცხადია ეს აბსურდი გახლდათ, რადგან მატჩის შემდეგ, “დინამოს” გასახდელში ადგილობრივი ქომაგები შევარდნენ და ამის გამო, თამაშის ხელმეორედ გამართვა ნამდვილად არ იყო საჭირო. საკავშირო ფედერაციამ კი სხვანაირად გადაწყვიტა და სამი დღის შემდეგ ჩატარებულ თამაშში “ტორპედომ” “დინამო” დაამარცხა და ჩემპიონი “სპარტაკი” გახდა. ნიკიტა ხრუშჩოვი საკავშირო პოლიტბიუროს თავჯდომარეობიდან რომ არ გაეთავისუფლებინათ და მის მაგივრად ბრეჟნევი არ დაენიშნეთ, ჩვენ ჩემპიონობას 1964 წელს არავინ გვაღირსებდა. სხვათა შორის, ტაშკენტში “ოქროს მატჩში” მოსკოვის “ტორპედოსთან” ბრეჟნევი უნდა ჩამოსულიყო და ამიტომ შეხვედრის დაწყება 40 წუთით დაგვიანდა, მაგრამ ლეონიდ “ილიჩი” უზბეკეთის დედაქალაქში არ ჩამოფრენილა. ის შეხვედრა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ სლავა მეტრეველმა და ჯემალ ზეინკლიშვილმა ითამაშეს. მატჩის მსვლელობისას მე ზოგჯერ, როგორც იტყვიან, “ჩრდილში” ვექცეოდი და მეტრეველის თამაშით ვტკბებოდი. რაც შეეხება ზეინკლიშვილს, მან მეტოქის თავდამსხმელებს გასაქანის საშუალება არ მისცა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გამარჯვების გამო აღნიშნული შეხვედრის არბიტრს ლატვიელ რუბენისს მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსაჯობა აუკრძალეს და იგი დეპრესიის გამო ფსიქიატრიულშიც კი მოხვდა. საკავშირო ჩემპიონატის მოგებისთვის პრემიის სახით 5000 მანეთი უნდა მოეცათ, მაგრამ დაქვითვის შედეგად 35000 მანეთი ავიღეთ. გარდა ამისა, საათები “პაბედა” დაგვირიგეს და ერთი-ორჯერ რაიონში გვაქეიფეს. ზეინკლიშვილი ვახსენეთ და მასზე ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. 1962 წელს კარლსრუეში ვიყავით ჩასული, სადაც მასპინძლებმა მაღალი დონის შეხვედრა მოგვიწყვეს. სუფრაზე რომ ვიმყოფებოდით ჯემალმა რომელიც მხატვრული სტვენის საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახლდათ, რუსული სიმღერის – “დარაგაია მაია ბაბკას” მოტივის სტვენა დაიწყო. ამის გაგონებაზე ხალხი რესტორანში გარედან შემოდიოდა და გაკვირვებული უყურებდნენ – ასე კარგად ვინ უსტვენსო?. ზეინკლიშვილს გერმანიაში დარჩენასაც კი სთავაზობდნენ და ეუბნებოდნენ – შენი ნიჭის პატრონი ბევრ ფულს იშოვიო.

ფარიკაობიდან ფეხბურთამდე

  • გიორგი სიჭინავა ვიდრე ფეხბურთელი გახდებოდა, ფარიკაობაში ვარჯიშობდა და სპორტის ამ სახეობაში აფხაზეთის ჩემპიონიც გახდა. მოფარიკავეთა საქართველოს ნაკრებთან ერთად, მან მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზეც კი იასპარეზა, მაგრამ შემდეგ რაღაც დააშავა და ნაკრებიდან გაუშვეს. 1964 წელს მოსკოვის “დინამოს” რომ მოვუგეთ, იმ საღამოს ცოტა დავლიე და დავთვერი. მეორე დილით როსტოვში მივდიოდით მატარებლით და სადგურში რომ გამოვცხადდი, კიდევ ნასვამი ვიყავი, რაც კაჩალინმაც შეამჩნია. სიჭინავამ მე რომ დამინახა, წავიდა და თავადაც დათვრა. მატარებელში რომ ავედით, მან დაინახა, რომ კუპის წინ ლამაზმა გოგომ გაიარა. გიორგიმ იფიქრა, ლამაზმანი უკან რომ დაბრუნდება, გავეცნობიო და ამისთვის ორიგინალური ხერხი მოიგონა. კერძოდ, იგი კუპის შესასვლელში დაჯდა და ფეხები გარეთ გაწია. თუმცა ამ მდგომარეობში მყოფს დაეძინა და გოგოს ნაცვლად თავზე “დინამოზე” მომაგრებული საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს წარმომადგენელი დაადგა. როსტოვში ჩასვლისას კაჩალინს ორივემ ბოდიში მოვუხადეთ და მან ძირითად შემადგენლობაში დაგვაყენა. მეორე ტაიმში, 0:1 რომ ვაგებდით, სიჭინავამ “აიწყვიტა” და ჯერ თავად გაიტანა გოლი, შემდეგ კი დათუნაშვილს გაატანინა. როსტოველი ვიქტორ პანედელნიკი გაკვირვებული იძახდა – სიჭინავას ასეთი რა დაალევინეთ, რომ ვერ ვაჩერებთო.

პერსონალურად აბობოქრებული პელეს წინააღმდეგ

  • საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველი მატჩი მოსკოვში დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე. იმ ამხანაგურ შეხვედრაში სკანდინავიელების გუნდს 6:0 მოვუგეთ და ორი გოლი მომდევნო ამხანაგური თამაში ნაკრებში იმავე წელს კვლავ მოსკოვში ბრაზილიელებთან გავმართეთ. თამაშის წინ დარიგების მოსაცემად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოროზოვმა პირველ რიგში ასეთი რამ გვითხრა – ბრაზილიელებთან მატჩი ჩვენ არ უნდა მოვიგოთო. ივანოვმა მას როდესაც ჰკითხა – რატომო?, პასუხად მიიღო – თუ მოვიგებთ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედლების მოპოვებას მომთხოვენო. მოროზოვმა პელეს თაობაზე იმდენი ილაპარაკა, ბოლოს ვორონინმა უთხრა – რა პელეს მეტი მაგ გუნდში არავინ თამაშობსო?. ბრაზილიელთა ლიდერის პერსონალურად მეურვეობა მწვრთნელმა სიჭინავას დაავალა, რასაც ეს უკანასკნელი მაშინვე დათანხმდა. მოგვიანებით გიორგიმ მითხრა – ოღონდ ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი და თანახმა ვიყავი პელეს კი არა მთელი ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მარტო მეთამაშაო. თან მოროზოვმა სიჭინავას დაზღვევა ვორონინსა და რიაბოვს ანდო. თამაში 0:3 წავაგეთ და მაშინ თავად დავრწმუნდი, პელე რა დონის ფეხბურთელი იყო. მატჩის დასაწყისში მან ბურთი ჩვენ კარს დიდი მანძილით ააცილა და ტრიბუნაზე მყოფმა მაყურებელმა სტვენა დაიწყო. სიჭინავამ კი ვორონინს თურმე ირონიულად გადაულაპარაკა – ეს არის პელეო? თუმცა ცოტა ხანში ბრაზილიელმა მაღალ სისწრაფეზე სამივე მეურვეს გვერდი აუარა და ჩვენ კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა. მაშინ კი უთხრა გიორგიმ ვორონინს – მგონი პელე აბობოქრდაო. თამაშის დასრულების შემდეგ სიჭინავამა “ფეხბურთის მეფეს” მაისურიც კი გაუცვალა.

უკანასკნელად გაგრაში 1992 წელს

  • ფეხბურთს თავი 29 წლისამ დავანებე, როდესაც მუხლის ტრავმა მივიღე და ვიფიქრე – ერთი წლის შემდეგ გუნდიდან მაინც უნდა გამიშვან და სჯობს თამაშს თავად შევეშვა-მეთქი. ორი წლის განმავლობაში “დინამოში” ერთ-ერთ მწვრთნელად ვმუშაობდი, მაგრამ 1968 წელს კამბოჯასა და სინგაპურში ტურნეში ყოფნისას მოედანზე გასვლა მაინც მომიწია. საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ ჩვენი გუნდის რამდენიმე თავდამსხმელი დაშავდა და ორ მატჩში შეტევის ხაზში ვითამაშე. ტურნეს ბოლო შეხვედრა 3:0 მოვიგეთ და სამივე გოლი მე გავიტანე. აფხაზეთში ომის დაწყებამდე გაგრაში ვცხოვრობდი და 1992 წლის 14 აგვისტოს თბილისში გადმოვფრინდი, ვინაიდან საქმე მქონდა. მას შემდეგ, გაგრაში აღარც დავბრუნებულვარ, ვინაიდან იგი იმავე წლის ოქტომბერში აფხაზებს ჩააბარეს. სხვათა შორის, სიჭინავა რომელსაც აფხაზი ცოლი ჰყავს, იქ ხანდახან სოჭიდან ჩადის ხოლმე. ომამდე რუსეთის სპეცსამსახურებმა მაგრად იმუშავეს, რომ აფხაზები ჩვენს წინააღმდეგ განეწყოთ. გუდაუთაში ერთ საათში 60-დან 80 000-მდე ადამიანი იკრიბებოდა ანტიქართულ მიტინგებზე. ისინი ამბობდნენ, რომ სჯობს რუსებთან ერთად ვიყოთ და დავიხოცოთ, ვიდრე ქართველებთანო. დღესდღეობით აფხაზთა პოზიცია არ შეცვლილა და მათი განცხადებით ცოცხალი თავით საკუთარ მიწაზე ქართველებს არ შეუშვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11844