ჩოგბურთი

15:26 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ლონდონში დიდი ორთაბრძოლები გველის”

9-16 ნოემბერს ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩატარდება. 8 მონაწილე კენჭისყრის შედეგად 2 ჯგუფშია გადანაწილებული. A ჯგუფში ნახევარფინალში გასასვლელად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1), შვეიცარიელი სტენ ვავრინკა (3), ჩეხი ტომაშ ბერდიხი (6) და ხორვატი მარინ ჩილიჩი (8) იბრძოლებენ, ხოლო B-ში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (2), იაპონელი კეი ნიშიკორი (4), ბრიტანელი ენდი მარეი (5) და კანადელი მილოშ რაონიჩი (7) ითამაშებენ. მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის შეჯიბრებას კარგ გუნება-განწყობაზე ხვდება, რაშიც მასთან ინტერვიუც დაგარწმუნებთ.

- ბოლო დროს კორტსა და მის მიღმა განვითარებულმა მოვლენებმა თქვენ მდგომარეობაზე როგორ იმოქმედა?

- ცხადია, მხოლოდ დადებითად. ბრწყინვალე გრძნობაა, როდესაც მამა ხდები. ბოლო კვირების მოვლენებიდან ვცდილობ მაქსიმალურად პოზიტიური ენერგია ავიღო. გამახარა პარიზში მოპოვებულმა გამარჯვებამაც.

- მშობლის რანგში პირველი ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში მოიგეთ...

- ამ მოგებას ჩემ შვილს, სტეფანს ვუძღვნი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარიერის განმავლობაში 600-ე შეხვედრაში მივაღწიე წარმატებას. ამ მაჩვენებლით მოქმედ ჩოგბურთელთაგან მხოლოდ დავიდ ფერერს, ლეიტონ ჰიუიტს, რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერს ჩამოვრჩები. წესითა და რიგით, ფერერსა და ჰიუიტს მალე უნდა გადავასწრო.

- მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველი პოზიციის შესანარჩუნებლად ლონდონში წარმატებით უნდა გამოხვიდეთ...

- წინა 2 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში ვიმარჯვე, ამიტომაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში წლეულსაც იმედიანად მივემგზავრები. ამასთან, დახურულ კორტზე ტრადიციულად კარგად გამოვდივარ, რასაც ზედიზედ 27 მატჩის მოგებაც ადასტურებს.

- როჯერ ფედერერის მხრიდან კონკურენცია არ გაფრთხობთ?

- ანალოგიურ სიტუაციაში პირველად ხომ არ ვარ. ბოლო რამდენიმე წელია ხან კლასიფიკაციის პირველი ადგილის დასაკავებლად ვიბრძვი, ხანაც მის შესანარჩუნებლად. ყოველ მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებული გავალ კორტზე და შევეცდები მეტოქეებს ვძლიო. როჯერს რაც შეეხება, სადღეისოდ ფენომენალურ ჩოგბურთს უჩვენებს მაყურებელს. დარწმუნებული ლონდონში დიდი ორთაბრძოლები გველის.

0.110486