სხვა

21:50 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ესტონეთს გაუთანაბრდა
სიმშვიდისთვის ერთი ბურთი დაგვაკლდა

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო-2018-ის მეორე შესარჩევ მატჩში ესტონეთის ნაკრები 29:27 დაამარცხა, რაც ჯგუფში პირველობისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ საქართველომ ტალინში 26:28 წააგო და შესაბამისად, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მოსაპოვებლად, ერთით მეტი გოლის გატანა იყო საჭირო, ახლა კი, ორივე გუნდს პირველობის ერთნაირი შანსი აქვს...

მატჩი საქართველოსთვის კარგად დაიწყო - 4:1 დაწინაურდა. ესტონელებმა ანგარიში 5:5-ზე გაათანაბრეს. სტუმრებმა პირველ ტაიმში დაწინაურება ვერ მოახერხეს, საქართველო კი 1 ან 2-ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებდა.

ტაიმის ბოლოს საქართველო 15:12 დაწინაურდა, თუმცა ესტონელებმა ბოლოში წუთზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმი 15:14 დასრულდა.

მეორე ტაიმში ბალტიისპირელები გავიდნენ წინ - 16:15, მაგრამ მასპინძლებმა, ვლადიმერ რუსიას და რატი მსხვილიძის დახმარებით, კვლავ გადაასწრეს.

საქართველო 27:23 იგებდა და სასურველი 3-ქულიანი სხვაობით გამარჯვებას 3 წუთი აშორებდა. ბოლო წუთებზე ესტონელები უკეთ ათამაშდნენ, მასპინძლებს კი ორჯერ არ გაუმართლათ, ორჯერვე ესტონელთა კარი ძელმა იხსნა.

მატჩის დასრულებამდე 47 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 29:27 იყო საქართველოს სასარგებლოდ, ბალტიისპირელებმა ბურთი მაქსიმალურად ბოლომდე გაათამაშეს და უხეირო დარტყმა განახორციელეს, ჩვენს ნაკრებს 5 წამი ჰქონდა შეტევისთვის, მაგრამ კარებზე დამუქრებაც კი ვერ მოასწრეს...

2015 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში საქართველოს მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება. ქართველებს ლუქსემბურგთან როგორც შინ ასევე სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად არც ეს იქნება საკმარისი - ესტონეთმა ლუქსემბურგს ან ორივე მატჩი ვერ უნდა მოუგოს ან კიდევ ქართველებზე ნაკლები სხვაობით უნდა დაამარცხოს და ამ შემთხვევაში საქართველო შემდეგ ეტაპზე გავა. საერთოდაც, ჯერ საქართველომაც და ესტონეთმაც ლუქსემბურგთან მოგება უნდა შეძლონ და თვლა დღის წესრიგში მერე დადგება...

P.S. მკითხველს ბოდიშს ვუხდით იმის გამო, რომ ამ სტატიის ჩასწორება მოგვიხდა. ჩვენთვის მოწოდებული პირველადი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ესტონეთს სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე საქართველოსთან უპირატესობა ეძლეოდა, არასწორი აღმოჩნდა.

საქართველო-ესტონეთი 29:27

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი
2
ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო: ვლადიმერ რუსია (8 გ.), ირაკლი ჩიქოვანი (6 გ.), რატი მსხვილიძე (6 გ.), ილია გოგოლაძე (3 გ.), რევაზ ჭანტურია (4 .), სერგო დათუკიშვილი (1 გ.), შოთა გრიშიკიშვილი (1 გ.)

მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე

ესტონეთი: მიკ პინონენი (8 გ.), კრისტო ვოიკა (5 გ.), კარლ როოსნა (4 გ.), მარტინ იოჰანსონი (4 გ.), არმი პერტი (2 გ.), კრისტიან მუგა (2 გ.), მარკო სლასტინოვსკი (1 გ.), კასპარ ლეესი (1 გ.)

მწვრთნელი: რეინ სუვი

მსაჯები: ანგელოს არგირიდისი, ხრისტოს მუტასი (ორივე კვიპროსი)

დელეგატი: ისქანდერ ასაქაროვი (აზერბაიჯანი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169858