ფეხბურთი

18:07 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვინ რას მიიჩნევს დადებით შედეგად

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიის ნაკრებთან საშინაო მარცხის მერე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია იმედგაცრუებული და დათრგუნული იყო. მისი თქმით, დაიღალა და საქართველოს ნაკრებზე ჯვარი დაწერილი არ აქვს, სამშობლო უყვარს, მაგრამ ჯანმრთელობის შეწირვა არ სურს და ა.შ.

ამასთანავე, მან ერთი საგულისხმო ფრაზა თქვა, რომ თუ მომავალ ორ მატჩში დადებით შედეგს ვერ მიაღწევდა, თანამდებობის დატოვებაზე დაფიქრდებოდა. თუმცა, დადებით შედეგში რას გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია. ამ დროს მეტი კონკრეტიკაა აუცილებელია. ცხადია, რომ ორ საგარეო მატჩში ექვსი ან ოთხი ქულის მოპოვება კარგი შედეგია, მაგრამ სამი ქულა გიბრალტართან რამდენად დადებითია, საკამათო საკითხია.

გასაგებია, რომ ყველა მწვრთნელს, ქეცბაიას ჩათვლით, თავის ხედვა აქვს და როდესაც მანამდე გუნდს შესარჩევში ბოლო მატჩი ორი წლის წინ მოუგია, ალბათ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ეს ჩათვალა დადებითად. ამიტომ, გადადგომაზე არ უფიქრია და თბილისში პოლონეთის დასახვედრად ემზადება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქეცბაია ნაკრებს გაზაფხულზეც უთავკაცებს და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გერმანელებთან სათამაშოდაც მოემზადება.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე და მანამდეც, ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდი, როგორც კი ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს დაკარგავდა, მაშინვე გადადგებოდა. ჩვენი ჯგუფის სპეციფიკიდან და დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს მე-3 ადგილზე გასვლისა და პლეი ოფში თამაშის შანსი ნამდვილად არ დაუკარგავს.

თუმცა, შანსი შანსად, მაგრამ ასეთი სათამაშო ხარისხის შემხედვარე, რეალურად სადმე გასვლის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს. ყველაზე კარგად ეს გიბრალტართან შეხვედრაში გამოჩნდა. გამარჯვების მიუხედავად, ამ ფორმაციის ნაკრებმა “უძალო გუნდის” შთაბეჭდილება დატოვა, რომელმაც ევრო-2016-ის შესარჩევში ყველაზე სუსტ გუნდს ხეირიანად ვერ შეუტია. ფეხბურთელები კი ცდილობდნენ, მაგრამ თავისი ზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის საფეხბურთო ოსტატობასაც. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ალბათ, ამ ნაკრების მაქსიმუმი თავის მწვრთნელიანად გიბრალტართან ნაჩვენები თამაშია.

ამ ფონზე სადმე გასვლაზე საუბარი ზედმეტია. მითუმეტეს, რომ ჯგუფის სხვა ნაკრებებთან მატჩებში, საქართველოს ნაკრებს სავარაუდოდ ასეთი შემტევი შემადგენლობა არ ეყოლება. ყოველ შემთხვევაში, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან დაპირისპირებებმა ეს აჩვენა. როდესაც პოლონეთმა გერმანიას მოუგო, ხოლო ირლანდიამ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან ქულა აიღო, ამავე დროს შოტლანდია სტუმრად პოლონეთს დაუზავდა, ამ კოჰორტაში საქართველოს ნაკრების პერსპექტივა სამწუხაროდ მეტად “მუქ ფერებშია”.

ეს, პესიმიზმი არაა, რეალობაა. იმ ხალხს, ვინც ქართულ ფეხბურთში ჩახედულია და ეროვნული ჩემპიონატისა თუ თასის მატჩებს თვალს რეგულარულად ადევნებს, ნაკრების ასეთი გამოსვლა ნამდვილად არ უკვირს.

0.128198