ხვალ, გულშემატკივართა ყურადღება მილანის “სან სიროსკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც საფეხბურთო სამყაროში ”მადონინად” ცნობილი მორიგი დერბი ჩატარდება. “ინტერისა” (ნომინალური მასპინძელი) და “მილანის” მომავალ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას ისიც მატებს, რომ ჟოზე მოურინიოსა და ლეონარდოს გუნდები სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე არიან და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “წითელშავებს” თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, პრინციპულ ოპონენტებს შორის არსებული 6 ქულიანი სხვაობა, “შავლურჯებს” მშვიდად ყოფნის უფლებას არ აძლევს. ორივე გუნდის ფეხბურთელები ამბობენ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა მილანურ კლუბებს შორის გაიმართება და ხვალინდელ დერბის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. პირველ წრეში კი “ინტერმა” “მილანი” “სტუმრად” 4:0 გაანადგურა, რაც ლეონარდოს ბიჭებს რევანშის სწრაფვისკენ უბიძგებს.
“როსონერისა” და “ნერაძურის” არსებობის ისტორია 1908 წლის გაზაფხულიდან ჩამოყალიბდა. იმ პერიოდისთვის იტალიის სამგზის ჩემპიონ “მილანში”, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა. კლუბის მესვეურთა გარკვეული ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გუნდის რიგებში იმ ფეხბურთელთა ჩარიცხვას, რომელთაც ჯიბეში იტალიური პასპორტი არ ედოთ. ამის წინააღმდეგ დაუფარავად გაილაშქრა მოთამაშეთა და ფუნქციონერთა 44 კაციანმა ჯგუფმა, რომელმაც ახალი კლუბი დააარსა. ორი შეურიგებელი ბანაკის წარმომადგენლები კი ერთმანეთს მტრულად დაშორდნენ - მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომელშიც “გამარჯვებას” “ნაციონალისტებმა” მიაღწიეს. მომავალმა “ინტერისტებმა” წყენა გულში ჩაიხვიეს და მას შემდეგ მოყოლებული, ფეხბურთის მოყვარულები ორი შეურიგებელი ბანაკის დაპირისპირების მომსწრეა.
1908 წლის 8 მარტს მილანში დაფუძნდა კლუბი, რომლის წევრობაც ნებისმიერი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შეეძლო. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, გუნდს “ინტერნაციონალე” რომ დაერქვა, პირველ კაპიტნად კი შვეიცარიელი ერნსტ მანკლი მოევლინა იმ დროისთვის გუნდის მცირერიცხოვან ქომაგებს. ორ მილანულ გუნდს შორის პირველი არაოფიციალური დაპირისპირება 1908 წლის 18 ოქტომბერს მოხდა. ქალაქიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრით დაშორებულ შვეიცარიულ კიასოში, “როსონერიმ” “ნერაძურის” 2:1 მოუგო. ”ინტერმა” თანაქალაქელ მეტოქეს მატჩ-რევანშის ჩატარება შესთავაზა, თუმცა, 20 დეკემბერს გამართული შეხვედრაც ”მილანის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. და აი, 1909 წლის 10 იანვარიც დადგა. გუნდები ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში შეხვდნენ. მართალია, თამაში კვლავ “როსონერიმ” მოიგო (ამჯერად 3:2), მაგრამ ვერც ის და ცხადია, ვერც “ინტერნაციონალე” ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდა. იტალიის ერთ-ერთი პროვინციის, ლომბარდიის ჯგუფიდან, გადამწყვეტ ეტაპზე “მილანეზე” (“იუნიონე სპორტივა მილანეზე” 1902 დაფუძნდა და დაარსებიდან 30 წლის თავზე არსებობა შეწყვიტა) გავიდა.
1909 წლის იანვრიდან მოყოლებული, “მილანი” და “ინტერი” იტალიის ჩემპიონატის მატჩების ეგიდით ერთმანეთს 174-ჯერ შეხვდნენ. ამ პრინციპულ მატჩებში 64-ჯერ “ლურჯების” ბანაკმა იზეიმა წარმატება, “წითლებმა” კი მხოლოდ 58-ჯერ გაიხარეს. ყველაზე შედეგიანი მილანური დერბი 1949 წლის 6 ნოემბერს გაიმართა, როცა “ნერაძურიმ” “როსონერი” 6:5 დაამარცხა. სამაგიეროდ, “მილანს” “მადონინას” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაუმარჯვია. ამ მატჩის გასახსენებლად, გონების დიდად დაძაბვა აღარც დაგჭირდებათ - 2001 წლის 11 მაისი, “ინტერის” ასწლოვანი ისტორიის, ალბათ, ყველაზე “შავი” დღეა – “ნერაძურიმ” ხომ დღემდე შეურიგებელ ოპონენტთან 0:6 წააგო!
საჩემპიონატო დაპირისპირებების გარდა, “მილანი” და “ინტერი” სხვა ტურნირებშიც შეხვდნენ ერთმანეთს - 23-ჯერ იტალიის თასზე, 22-ჯერ “ამხანაგურ” მატჩებში, 39 შემთხვევაში კი, მათ ძალები საერთაშორისო შეჯიბრებებშიც მოსინჯეს. აქედან, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და დამაინტრიგებელი პაექრობები 2003 წლის 6 და 14 მაისს, “სან სიროზე” ჩატარდა. ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური პაექრობა (მათში მონაწილეობა კახა კალაძემაც მიიღო) ფრედ 0:0 და 1:1 დასრულდა, ფინალში კი, “მეტოქის მოედანზე” ანდრეი შევჩენკოს მიერ გატანილი გოლის წყალობით “მილანი” გავიდა. ასე და ამგვარად, 1909 წლიდან მოყოლებული, “ინტერი” და “მილანი” ერთმანეთის პირისპირ სულ 271-ჯერ წარსდგნენ და საჩემპიონატო შეხვედრებისგან განსხვავებით, უპირატესობა “როსონერის” მხარესაა - 106 მოგება, 93 წაგება, ბურთების სხვაობა 430:402.
ფეხბურთის ქართველ ქომაგთათვის კი, ხვალინდელ მატჩს დამატებით ინტერესს “გაზეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ცნობა მატებს – პოპულარული გამოცემის მტკიცებით, “მილანის” სასტარტოში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ითამაშებს.
გოჩა კაჭარავა







