გურამ საღარაძე მთლიანი ქართველი საზოგადოების საყვარელი ადამიანია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბეჭდაუდებელი მოჭიდავე მრავალმხრივი ნიჭითაა აღსავსე. ჭიდაობაში კი მისი ბადალი ფალავანი ნაკლებად თუ მოიძებნება. ბატონი გურამის ორთაბრძოლები დღემდე გულშემატკივართა მოგონების და განსჯის საგანია, განსაკუთრებით კი ქართველ ქომაგებს საღარაძისა და ირანელი ჰაბიბის შერკინება ახსოვთ. თავად ბატონი გურამი ამ ორთაბრძოლას ასე იხსენებს.
“1962 წელს თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ დიაკინი იყო, რომელიც შემპირდა, რომ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ირანელ იმამ ალი ჰაბიბის დამარცხების შემთხვევაში, მომდევნო წელს ნაკრებში პირველ ნომრად დამაყენებდა. იმ პერიოდში გლანდები მაწუხებდა და როდესაც გუნდის ექიმმა გამსინჯა, მშვიდ მდგომარეობაში წნევა 140 მქონდა. ამასთან ტემპერატურამ 37,2 გრადუსამდე ამიწია. ექიმს ვთხოვე, რომ ეს ამბავი დიაკინისთვის არ ეთქვა, რადგან ნაკრებში დამკვიდრების შანსი მეძლეოდა. ჰაბიბი იმ დროისთვის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. თბილისის ტურნირზე ჩემთან შეხვედრის შემდეგ, მან იაპონიაში მსოფლიო პირველობა მესამედ მოიგო. ეს მოჭიდავე ირანში ისეთი პოპულარული იყო, რომ მასზე ფილმიც კი გადაიღეს, რომელსაც "მაზანდარელი ვეფხვი" ეწოდებოდა, რადგან ჰაბიბი მაზანდარის პროვინციიდან გახლდათ. ტურნირის დაწყებამდე ირანელებმა საბჭოთა კავშირში ტურნე გამართეს და ჰაბიბი ვისაც კი შეხვდა, ყველა დაამარცხა. მან ჯერ ცნობილ ოს მოჭიდავე ბეკმურზოვს მოუგო, შემდეგ _ გარსევან ნებიერიძეს, რომელსაც ისეთი ილეთი ჩაუტარა, რომ ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამი თვე იწვა. აქედან გამომდინარე, ირანელს ჩემი იოლად დამარცხების იმედი ჰქონდა, რადგან მაშინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი და საბჭოთა კავშირის პირველობაც კი არ მომეგო. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ანგარიშით 7:6 მოვიგე. მსაჯმა გამარჯვების ნიშნად ხელი რომ ამიწია, ცირკი, სადაც ტურნირი იმართებოდა, კინაღამ დაინგრა, ისეთი ხმაური ატყდა. მოგვიანებით, ჰაბიბი ლევან თედიაშვილს შეხვდა და უთქვამს, საღარაძე ჭიდაობის დროს გამირბოდაო. არადა, იმ ორთაბრძოლისას ირანელი სამჯერ მაინც ავიყვანე ჰაერში და გამოცდილება რომ მქონოდა, "სუფთადაც" დავამარცხებდი. ჰაბიბთან გამარჯვების შემდეგ, ირანში როდესაც ჩავდიოდი, ჭიდაობის ადგილობრივი გულშემატკივრები მოდიოდნენ და კუნთებს მისინჯავდნენ, რადგან აინტერესებდათ, თუ ვინ იყო მათი კერპის დამმარცხებელი. იმ პერიოდში ჰაბიბს ჩემი პოპულარობა სწყინდა კიდეც”.
გურამ საღარაძეს მეტად მდიდარ სამედლო კოლექციას ოლიმპიური ოქრო აკლია, თუმცა, ტოკიოს თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფეხი რომ ვერ შედგა და ვერცხლით “დაკმაყოფილდა”, არაობიექტური და მიკერძოებული მსაჯობის ბრალია.
“1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეტი გამოცდილება რომ მქონოდა და გუნდის მწვრთნელებსაც ყურადღება გამოეჩინათ, ოქროს მედალი მე დამრჩებოდა. თურმე თურქი ისმაილ ოგანი, რომელიც ეშმაკობით გამოირჩეოდა, ოლიმპიადის მსვლელობისას ყველაფერს ყურადღებას აქცევდა და ჩემს წონასაც თვალყურს ადევნებდა, რადგან წინასწარ გათვლილი ჰქონდა, რომ თუ ჩვენი შეხვედრა ფრედ დამთავრდებოდა და იგი უფრო მსუბუქი აღმოჩნდებოდა, პირველ ადგილს დაიკავებდა. როდესაც თურქს შევხვდი, მას ცხიმი ჰქონდა შეზელილი და ხელი ისე მისრიალებდა, რომ ფაქტობრივად, მოწინააღმდეგისთვის მისი მოკიდება არ შემეძლო. ორჯერ იძულებული გავხდი, ჭიდაობა შემეჩერებინა და მსაჯისთვის მიმემართა, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო, რადგან რეფერიმ ოგანს გაფრთხილება არ მისცა. ჩანს, ჭიდაობაში კორუფცია ყვაოდა და თურქებისთვის მსაჯის მოქრთამვა უცხო ხილს არ წარმოადგენდა. მთელი საჭიდაო დროის განმავლობაში ოგანი პასიურობდა და ორთაბრძოლას გაურბოდა. ჩვენი ჭიდაობა კატათაგვობანას დაემსგავსა და საბოლოოდ, ამის გამო მეტოქეს ილეთი ვერ ჩავუტარე. შედეგად, ორთაბრძოლა ფრედ დამთავრდა, არადა დღევანდელი წესებით, ოგანს პასიურობისთვის ორთაბრძოლიდან აუცილებლად მოხსნიდნენ. ჭიდაობა როდესაც დავასრულეთ, ორივე აგვწონეს და ვინაიდან ტურნირის მსვლელობისას ყველა მაჩვენებელი ერთნაირი გვქონდა, ხოლო თურქი ჩემზე 400 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა, ოლიმპიადის ჩემპიონი ის გახდა. სხვათა შორის, როგორც შემდეგ შევიტყვე, ოგანი ვიდრე მე შემხვდებოდა, ორთქლის აბანოში შესულა, რათა წონა დაეკლო. იმ ოლიმპიადაზე ჩემთვის კიდევ ერთი ცუდი ფაქტი მოხდა, რომელშიც ალბათ ისევ მეტოქეთა გუნდების ხელმძღვანელები იყვნენ ჩარეულნი. კერძოდ, ოგანთან ჭიდაობამდე ინდოელ სინგხს შევხვდი, რომელსაც ორთაბრძოლისას 30 ქულა ავართვი, მაგრამ მაშინ აშკარა უპირატესობის გამო, მოჭიდავეს "წმინდა" გამარჯვებას არ ანიჭებდნენ და იძულებული გავხდი, მთელი დრო საჭიდაო ხალიჩაზე დამეყო. ერთ ეპიზოდში სინგხი წავაქციე და ის ბეჭებით ხალიჩასაც შეეხო, რის დასტურად ხალიჩის არბიტრმა მანიშნა: წაქცეულია და ხელი გაუშვიო. მეც მას დავემორჩილე და წამოვდექი, მაგრამ გვერდითმა მსაჯებმა და მთავარმა რეფერიმ მხარი აღარ დამიჭირეს და მხოლოდ ქულებით გამარჯვება მომანიჭეს, როდესაც შეხვედრა "წმინდად" მქონდა მოგებული. შემდეგ როცა გავაანალიზე, მივხვდი, საქმე "ჩაწყობილი" იყო. ჩემთვის "წმინდა" გამარჯვება რომ მოენიჭებინათ, აწონა აღარ დამჭირდებოდა და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი. ხანდახან ახლაც მესიზმრება ეს ეპიზოდები და სიმწრის ოფლში ვცურავ”, - იხსენებს ბატონი გურამი ტოკიოს ოლიმპიადის პერიპეტიებს.
წლეულს გურამ საღარაძეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა, დღეს კი ტოტალიზატორ ლიდერ-ბეთში სახელოვან მოჭიდავესა და ბრწყინვალე პიროვნებას შეხვედრა მოუწყვეს. ვეტერანმა ფალავნებმა, ჟურნალისტებმა, ბატონი გურამის მეგობრებმა მის სპორტულ ტალანტზე, ადამიანურ თვისებებზე ისაუბრეს, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს. “მსოფლიო სპორტი” ყველა მილოცვას უერთდება და ბატონ გურამს კვლავინდებურად სულისა და ჯანის სიმრთელეს უსურვებს.