ფეხბურთი

1:14 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ ფინალში: არგენტინა არასდროს კვდება

ინგლისის ნაკრები ნანატრ ფინალთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ როცა საქმე ლიონელ მესისთან გაქვს, ეს საკმარისი არ არის.

არგენტინის ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია და ტიტულის შენარჩუნებისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. ატლანტაში გამართული ნახევარფინალი კი დრამატული გამოდგა. არა იმდენად ლამაზი თამაში, მაგრამ დრამატული, რის გამოც ისტორიაში თავის ადგილს დაიკავებს.

პირველი ტაიმი ისე დასრულდა, რომ კარში დარტყმა არ ყოფილა. ორივე გუნდი უფრო იბრძოდა, ვიდრე თამაშობდა, იყო გაწევ-გამოწევაც ფეხბურთელთა შორის, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში სხვა თამაში გაჩაღდა: ინგლისი 55-ე წუთზე დაწინაურდა. მარჯვენა ფლანგიდან მორგან როჯერსის გადაცემას მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეწეული ენტონი გორდონი გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გახსნა! ინგლისი დაწინაურდა, ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად, უფრო პირიქით.

არგენტინას არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ რატომღაც, დაწინაურების შემდეგ ინგლისმა მხოლოდ დაცვაზე ფიქრი დაიწყო. თომაც ტუხელმაც შეცვლები ამის მიხედვით გააკეთა, მოედანზე მხოლოდ მცველები შეჰყვადა და „სამი ლომი“ საჯარიმოსთან განლაგდა. ეს წამგებიანი სვლა გამოდგა.

არგენტინამ ზეწოლა გააძლიერა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყო. ჯერ ნიკო გონსალესს აჯობა ჯორდან პიკფორდმა, მერე ალექსის მაკალისტერმა ძელს გაარტყა, კიდევ იყო სხვა სახიფათო იერიშებიც. ინგლისი შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდა, მხოლოდ დაცვასა და დროის გაყვანაზე, რაც შეცდომა იყო.

არგენტინამ მაინც გაათანაბრა. 85-ე წუთზე შორი მანძილიდან ენცო ფერნანდესმა გაისროლა და პიკფორდი უშანსოდ დატოვა - 1:1. გოლმა „ალბისელესტეს“ ფრთები შეასხა და მეორე კომპენსირებულ წუთზე მეორეც გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან მესიმ ჩააწოდა და ლაუტარო მარტინესმა თავით შეაგდო - არგენტინელ ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა...

85-ე წუთამდე 0:1 და საბოლოოდ 2:1. არგენტინის ნაკრებმა ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა, ასე იარა მთელი პლეი-ოფი, მაგრამ ფინალშია, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მეშვიდედ.

ინგლისზე რა უნდა ითქვას? ზედმეტი პრაგმატიზმი, რომელიც დამღუპველი აღმოჩნდა და 60-წლიანი ლოდინი მუნდიალის ფინალზე, გრძელდება.

ახლა ინგლისს საფრანგეთთან მესამე ადგილისთვის 18 ივლისს დაპირისპირება მოუწევს, ხოლო არგენტინა 19 ივლისს, ფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

ინგლისი - არგენტინა 1:2 (0:0)

ატლანტა, „მერსედეს-ბენც არენა“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ჯეიმსი (ბერნი 82), სტოუნსი (ტოუნი 90), გეჰი, სპენსი (რაშფორდი 90); რაისი (ო’რაილი 82), ანდერსონი; როჯერსი, ბელინგემი, გორდონი; კეინი

მწვრთნელი: თომას ტუხელი

არგენტინა (4-1-4-1): ე. მარტინესი; მოლინა (მონტიელი 72), რომერო, ლ. მარტინესი (ოტამენდი 72(, ტალიაფიკო (ლაუტარო 81); პარედესი (გონსალესი 64); სიმეონე (დე პაული 72); ფერნანდესი, მაკალისტერი, ალვარესი; მესი

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

გოლები: 1:0 გორდონი (55), 1:1 ფერნანდესი (85), 1:2 ლაუტარო (90)

გაფრთხილება: ანდერსონი (37) - ლ. მარტინესი (42), რომერო (51), დე პაული (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ისმაილ ელფატი (აშშ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166092