საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ აუტსაიდერი „მეცი“, როგორც მოსალოდნელი იყო ადვილად დაამარცხა.
ლუის ენრიკეს გუნდმა 3:0 მოიგო. მესამე წუთზე ანგარიში დეზირე დუემ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ბრედლი ბარკოლამ გაზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში გონსალო რამოშმა დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 31 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.
„მეცის“ რიგებში გიორგი წიტაიშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი აბუაშვილმა 66-ე წუთიდან და გიორგი ქვილითაიამ 79-ე წუთიდან.
წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი), აბუაშვილის აქტივში 16 მატჩში 1 გოლია, ხოლო ქვილითაიამ მესამედ ითამაშა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მოგებით 54 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა, რადგან მისი კონკურენტი „ლანსი“ „მონაკოსთან“ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 28 თებერვალს, „ლე ავრს“ ესტუმრება, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.
„მეცს“ ლიგა 1-ში 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი პირველ მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.





