ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესოდ წარიმართა.
„ბოდო გლიმტმა“ კიდევ ერთხელ გააოცა საფეხბურთო სამყარო, ან იქნებ, ეს უკვე საოცრება არც არის და ლოგიკურია? ნორვეგიის ჩემპიონმა პლეი-ოფის პირველ მატჩში გასული სეზონის ფინალისტი „ინტერი“ 3:1 დაამარცხა.
სონდრე ფეტის გოლით ნორვეგიელები მეოცე წუთზე დაწინაურდნენ, რასაც სტუმრებმა 10 წუთში ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს გოლით უპასუხეს. თუმცა, მეორე ტაიმში „ბოდო გლიმტმა“ შესანიშნავად ითამაშა, სამ წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა - ჯერ იენს პეტერ ჰაუგემ და მერე კასპერ ჰოგმა. „ბოდომ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, „სან სიროზე“ თამაში მისთვის მაინც სხვა გამოწვევა იქნება. მიუხედავად ამისა, „ინტერს“ საქმე სანერვიულოდ მაინც აქვს.
სამაგიეროდ, სანერვიულო არაფერი აქვს „ლევერკუზენს“, რომელმაც პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 2:0 აჯობა. მეორე ტაიმში პატრიკ შიკმა დუბლი შეასრულა და გერმანელებმა 2:0 მოიგეს. შედეგად, „ლევერკუზენი“ ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან.
უხვგოლიან ბრძოლაში „ბრიუგე“ და „ატლეტიკო“ დაზავდნენ. დიეგო სიმეონეს გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თუმცა, პირველ ტაიმში ყველაფერი იდეალურად მისდიოდა. ხულიან ალვარესმა და ადემოლა ლუკმენმა ორჯერ გაიტანეს და 0:2. თუმცა, მეორე ნახევარში ბელგიელები არ დანებდნენ. მალევე, რაფაელ ონეიდიკასა და ნიკოლო ტრესოლდის გოლებით გაათანაბრეს. ამას მასპინძელთა ავტოგოლი მოჰყვა და ესპანელები ისევ დაწინაურდნენ. თუმცა, 89-ე წუთზე ხრისტოს ცოლისმა კვლავ გაათანაბრა - 3:3.
საპასუხო მატჩის წინ „ატლეტიკო“ აშკარა ფავორიტია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „ბრიუგე“ ადვილად გასატეხი გუნდი არაა. საპასუხო მატჩები 24 თებერვალს გაიმართება.
„ოლიმპიაკოსი“ – „ლევერკუზენი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 შიკი (60), 0:2 შიკი (63)
„ბოდო გლიმტი“ – „ინტერი“ 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ფეტი (20), 1:1 ესპოზიტო (30), 2:1 ჰაუგე (61), 3:1 ჰოგი (64)
„ბრიუგე“ – „ატლეტიკო“ 3:3 (0:2)
გოლები: 0:1 ალვარესი (8, პენ), 0:2 ლუკმენი (45), 1:2 ონეიდიკა (52), 2:2 ტრესოლდი (60), 2:3 ორდონესი (79, ა.გ), 3:3 ცოლისი (89)







