რაგბი

18:54 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | თასი უკვე თბილისშია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტ-მატჩის გასამართად გვეწვია, თასი საქართველოში ჩამოიტანა.

მოგეხსენებათ, 2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომლის მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, საქართველო მასპინძლობს. თამაშები თბილისსა და ქუთაისში 27 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. ფინალურ შეხვედრამდე მთავარი ჯილდო საქართველოში დაიდებს ბინას და ახალ მფლობელს დაელოდება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 2008 წელს ჩატარდა და მან 19 და 21-წლამდელთა ჩემპიონატები ჩაანაცვლა. პირველ ტურნირს უელსმა უმასპინძლა და მისი გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა. მან ფინალში ინგლისი 38:3 დაამარცხა.

ორი ტურნირის შემდეგ გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა (2010 წლიდან), წელს კი, მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რაოდენობა ისევ 16-მდე გაიზარდა.

2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა. აქამდე გამართული 15 ტურნირიდან ყველაზე მეტჯერ, 3-3-ჯერ მას სამხრეთ აფრიკამ და იტალიამ უმასპინძლა; ორ-ორჯერ არგენტინამ და საფრანგეთმა, თითო-თითოჯერ კი უელსმა, იაპონამ, ახალმა ზელანდიამ, ინგლისმა და საქართველომ.

საქართველოში პირველი ჩემპიონატი 2017 წელს გაიმართა და მაშინ ჩვენმა ქვეყანამ, როგორც მასპნძელმა, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.

აქამდე 20-წლამდელთა ჩემპიონატი სულ 4 გუნდს მოუგია. ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ ჩემპიონი ახალი ზელანდია (2008, 2009, 2010, 2011, 2015 და 2017) გახდა; თასი 4-ჯერ შემართა ინგლისმა (2013, 2014, 2016 და 2024), 3-ჯერ საფრანგეთმა (2018, 2019 და 2023) და 2-ჯერ სამხრეთ აფრიკამ (2012 და 2025).

პარალელურად, 2008 წელს დაარსდა მეორე დვიზიონი - 20-წლამდელთა ალაფა, რომელშიც რეგიონული ჩემპიონატების გამარჯვებულები, სულ 8 გუნდი მონაწილეობს. ალაფას გამარჯვებული მომდევნო წელს ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი ალაფაზე ქვეითდება.

2011 წელს საქართველომ ალაფას უმასპინძლა და მაშინ მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა, 2015 წელს კი ალაფის მოგებით ჩემპიონატზე დაწინაურდა.

2016 წელს საქართველო გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ალაფიდან აღზევების შემდეგ ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა და მას შემდეგ 12 უძლიერესს შორის მუდამ თამაშობდა. საუკეთესო შედეგი 2023 წელს გვქონდა და მაშინ მე-8 ადგილი დავიკავეთ. დანარჩენ ტურნირებში საქართველო 3-ჯერ მე-9 და ასევე სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა.

2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ა და გ ჯგუფის თამაშები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ბ და დ ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე შედგება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო სამივე თამაშს „ავჭალაზე“ გამართავს - 27 ივნისს უელსთან 18 საათზე; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკასთან და 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაისთან. ნახევარფინალები 12-13 ივლისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 17-18 ივლისს შედგება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091924