ფეხბურთი

10:00 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეს იყო რომში

რომში წვიმიანი დღე იყო და „ლაციო“-„ნაპოლის“ მატჩზე მიმავალს რატომღაც მეგონა, რომ უზარმაზარი „ოლიმპიკო“ ცარიელი იქნებოდა, თუმცა იმ დღეს მალევე დავრწმუნდი რომ „ლაციოს“ ჭეშმარიტად ერთგული და გუნდის გვერდზე დგომის არდამზარებელი ტიფოზერია ჰყოლია, რომელთაც 73000-იანი „ოლიმპიკო“ მართალია ვერ გაავსეს, თუმცა 4 იანვრის ცივ და წვიმიან დღეს 35 ათასი ადამიანი მაინც მივიდა სტადიონზე და მათ ძალ-ღონე არ დაუშურებიათ გუნდის დასახმარებლად.

ემოციები

სტადიონზე შეკრებილი ხალხი ერთ დიდ, ცოცხალ ორგანიზმს ჰგავდა, რომელიც რეაგირებდა თამაშის ყველა პერიპეტიაზე. ტრიბუნებზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ ასაკოვანი ტიფოზები და ახალგაზრდა ბიჭები თუ გოგოები, რომელთაც სჯეროდათ გუნდის. ბევრს შარფი კისერზე ორჯერ და სამჯერ ჰქონდა შემოხვეული, ზოგს კი თავზე გადაფარებული კაპიუშონი ძლივს იცავდა წვიმისგან, თუმცა არც ერთი მათგანი ყურადღებას არ აქცევდა სიცივესა და ამინდს.

ხალხის ნაწილი ფეხზე იდგა მთელი მატჩის განმავლობაში. ყოველი პასისა და ყოველი დაკარგული ბურთის დროს ერთდროულად გმინავდნენ ან უკმაყოფილოდ გუგუნებდნენ. სქელ ქურთუკებსა და დროშებს შორის შენიშნავდით პატარა ბავშვებსაც, რომლებიც უფროსების მხრებზე შემომსხდარნი უყურებდნენ მატჩს და მათთვის ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ზღაპარს ჰგავდა - დიდი სტადიონი, ხმაური, სიმღერები და ის განცდა, რომ აქ ყოფნა რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად გხდის. მიუხედავად დამდგარი შედეგისა, ფეხბურთი ასეთ ქალაქებში თაობებს შორის გადაცემულ სიყვარულსაც მოიცავს.

თამაში

ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს ანტონიო კონტეს გაწვრთნილი „ნაპოლი“ რომაელებზე ძლიერი გუნდი ნამდვილად არის და მატჩის წინ მეფსონეებიც ფიქრობდნენ, რომ „ლაციოს“ სამხრეთელებზე ნაკლები შანსი ჰქონდა. თუმცა, თამაშის სურათი ჩვენნაირი ნეიტრალური ქომაგისთვის მაინც ერთგვარი სიურპრიზი იყო, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელებმა მასპინძლები დაჩაგრეს ყველაფერში, რაც კი სათამაშო კომპონენტებად იწოდება და ორის გარდა, მინიმუმ სამი გოლის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ.

„ნაპოლიმ“ თამაში თავიდანვე დიდი სათამაში უპირატესობით დაიწყო და მატჩის ბედი პრაქტიკულად უკვე პირველ ნახევარში გადაწყვიტა. ლეონარდო სპინაცოლას გოლით მატჩის მე-13 წუთზე გაიხსნა ანგარიში და ამის მერეც უპირატესობა სამხრეთელების მხარეს იყო. მალევე ამირ რაჰმანიმაც გაიტანა და ამაში არაფერი იყო უცნაური. „ლაციოს“ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ჰქონდა ბურთის მოპოვების მცდელობი, თუმცა მთლიანობაში მატჩის ხასიათი სტუმარმა გუნდმა განსაზღვრა, რომელმაც ანგარიშით და სახიფათო პოზიციებით მეტოქე სრულად დაჩრდილა. მეორე დღეს სპეციალურად ვნახე „გაძეტა დელლო სპორტი“, სადაც სრულიად ობიექტურად ეწერა, რომ „ლაციომ“ უბრალოდ ვერ გასწია სათანადო წინააღმდეგობა და ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქის სისწრაფესა და სტაბილურ დაცვას.

სწორედ ამ „ლაციოს“ ქომაგობისთვის არის დასაფასებელი და ჩასახუტებელი „ლაციოს“ ერთგული ტიფოზერია, რომელიც არ გაჩერებულა მთელი თამაში. შეუძლებელია გული არ აგჩუყებოდა იმის ნახვისას, როგორი იმედითა და „მუღამით“ ქომაგობდნენ „არწივებს“ ერთიანად გალუმპული და შეციებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

ქომაგები

როგორც წესია, სტუმრებს, ანუ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს, სტადიონის ერთი (საკმაოდ მცირე) ნაწილი ჰქონდათ დათმობილი, რომელიც ბოლომდე შეევსოთ ქომაგობასა და ხმის ჩახლეჩვამდე ბღავილში დაბერებულ ხალხსა და მათ გვერდში მყოფ ახალგაზრდებს. ისინი უცნაური, ჭეშმარიტად ნეაპოლიტანური სიჯიუტით ცდილობდნენ გულშემატკივრობაში ტოლი არ დაედოთ რაოდენობით ბევრად აღმატებული მასპინძელთათვის და როდესაც „ლაციოს“ ქომაგთა სიმღერა თუ უკმაყოფილო გუგუნი ოდნავ მაინც შესუსტდებოდა, სამხრეთელები იმწამსვე დროს იხელთებდნენ და ისეთ ემოციების ცეცხლს ანთებდნენ, ყველას აჩვენებდნენ, რომ მართალია მასპინძელი სხვა იყო, თუმცა ფავორიტები სწორედ ისინი იყვნენ და როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს თამაშის მიმდინარეობამაც ბეჭედდასმულად დაამტკიცა.

როდესაც თამაში დასრულდა, მსაჯმა უკანასკნელად დაუსტვინა და წვიმით გალუმპული და გულნატკენი რომაელები სტადიონიდან ჩქარ-ჩქარა გამოვიდნენ, ვხედავდით „ლაციოს“ დაშვებულ დროშებს, ზოგ ქომაგს საგულშემატკივრო პლაკატები თავზე გადაეფარებინა ან წელზე მოეხვია და ისე მიეშურებოდა სახლისაკენ. მიდიოდნენ ჩუმად და რაღაცნაირი გაბოროტებით, თუმცა მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანის ხილვა.

„ნაპოლის“ გულშემატკივრები კი სრულიად სხვა ემოციას ატარებდნენ. მათთვის ეს იყო კიდევ ერთი დამადასტურებელი დღე იმისა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას, რომ კონტეს ხელში „ნაპოლი“ არა მხოლოდ შედეგს დებს, არამედ საკუთარ ძალასაც სრულად აცნობიერებს. თუმცა, მათი სიხარულიც კი, თითქოს გარკვეულ პატივისცემას შეიცავდა მასპინძლების მიმართ. იმ მასპინძლების, რომლებმაც წვიმასა და სიცივეში, საკუთარი გუნდის არცთუ დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად სტადიონი არ მიატოვეს.

ჩვენც მივყვებოდით ხალხის ამ უცნაურ მასას. მივყვებოდით და კვლავ გვაწუხებდა ფიქრი, რომელიც ადრეც არაერთხელ მიხსენებია და დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ ჭეშმარიტ გულშემატკივარს აწუხებს: ნეტავ, ჩვენთან როდის დადგება დრო, როდესაც შიდა ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსება და ნეტავ, ჩვენთან ოდესმე თუ დაბრუნდება ნამდვილი საკლუბო ფეხბურთი?..

ლევან სეფისკვერაძე რომიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.158284