იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „რომა“ „ლეჩეს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ საკადრო დანაკლისი ჰქონდა, სამი ქულა ადვილად მოიპოვა.
წინა ტურში „ლეჩეს“ ტურინში „იუვენტუსმა“ ვერ მოუგო, მაგრამ „რომამ“ აჩვენა, როგორ შეიძლება მისი დამარცხება. დასაწყისში ევან ფერგიუსონმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე შესულმა არტიომ დოვბიკმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
მანამდე სერია A-ში ტური „პიზა“ – „კომოს“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა დამაჯერებლად 3:0 მოიგეს. „კომო“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.
„რომამ“ პირველი წრე ისე დაასრულა, რომ ფრე ერთხელაც არ უთამაშია: 12 მოგება და 7 წაგება, შედეგად, 36 ქულით მეოთხე ადგილზეა.





