ფრანგულმა გამოცემა Peuple vert-იმ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევის ზურიკო დავითაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გუნდში არსებულ მის როლზე და მომავალთან დაკავშირებით ისაუბრეს. გამოცემის აზრით ქართველის წასვლა "სენტ ეტიენისთვის" კატასტროფა იქნება.
"ზურიკო დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მას შეუძლია სრულიად უხილავი იყოს 70 წუთის განმავლობაში და შემდეგ, როგორც ეს ბულონში გააკეთა, აიღოს ბურთი და გაიტანოს გოლი. ზურიკოს ჩვენთვის ქულები მოაქვს და ასეთი ფეხბურთელის წასვლა ნამდვილი კატასტროფა იქნება. "სენტ ეტიენმა" მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ დავითაშვილი მინიმუმ სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩეს", - წერს გამოცემა.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ დავითაშვილის გადაბირებით "ბეშიქთაში" სერიოზულად არის დაინტერესებული და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თურქული კლუბი ქმედით ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
ცნობისთვის, დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი შემტევი 8 გოლით ბომბარდითა დავის ლიდერია კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად. „სენტ ეტიენი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ლე მანს“ ესტუმრება.






