დღეს, "პარი სენ-ჟერმენი" მიმდინარე სეზონში მეექვსე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები კატარის დედაქალაქ დოჰაში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ "ფლამენგოს" დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე პარიზული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, "ფლამენგოს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცით, რომ ეს დიდი ბრძოლა იქნება. აღნიშნულ დაპირისპირებას ჩვენ დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, გუნდში კარგი განწყობაა და მზად ვართ დღევანდელი მატჩისთვის.
ბრაზილიური ფეხბურთი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ნეიმარი და რონალდინიო ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელები არიან და მე მათ დიდ პატივს ვცემ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრაზილია საუკეთესო ფეხბურთელების და ტალანტების სამშობლოა და ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავდება", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
"პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონში მეექვსე ტიტულის მოგების შანსი აქვს. ლუის ენრიკეს გუნდმა წელს ლიგა1, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგეს. პარიზული კლუბი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პირველად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ "ფლამენგოსა" და პსჟ-ს მატჩი 17 დეკემბერს საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.






