წლის დასკვნითი შოუ და ქართული ტრიუმფი! საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მორიგი დიდი საკრივო შოუ გამართა.
თბილისის სპორტის სასახლემ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებსა და მსოფლიოს კრივის ფედერაციის საჩემპიონო ქამრის გათამაშებას უმასპინძლა! დაძაბული და საინტერესო გამოვიდა სარეიტინგო ბრძოლები, რომლებშიც განირჩეულმა ქართველმა მოკრივეებმა იასპარეზეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან. კრივის საღამო კი მთავარმა ბრძოლამ დააგვირგვინა, სადაც ქართველი მოკრივე, WBF International ჩემპიონოს ქამრის მოქმედი მფლობელი ნიკა ბიგვავა საკუთარ ქამარს სამხრეთ აფრიკელი პრეტენდენტის, გამოცდილი ჯარედ სილვერმენის წინააღმდეგ 10 რაუნდიან საჩემპიონო ბრძოლაში იცავდა. დაპირისპირებაში ქართველმა მოკრივემ პირველივე რაუნდიდან მოიპოვა უპირატესობა და ზედმეტი რისკის გარეშე, ქულებით დაამარცხა მეტოქე. ღონისძიებას პირადად ესწრებოდა მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გათამაშებული მე-4 მსოფლიო მნიშვნელობის ქამარია, გარდა ამისა წლის განმავლობაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის 3 ქამარი და გაიმართა ათობით მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა.









