რაგბი

11:39 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 24:13 წიქარა

crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ შეხვედრაში, გათამაშების ლიდერმა ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘წიქარას’ 24:13 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც გამოიმუშავა.

შედეგად, ‘არესს’ 43 საცხრილო ქულა მოუგროვდა და უახლოეს მდევარ ‘ბათუმს’, რომელიც ტურის თამაშს კვირას გამართავს, 9 ქულით დაშორდა. ‘წიქარა’ ნუგეშ-ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში გადამწყვეტი ლელოს გატანა ვერ მოახერხა და 21 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე რჩება.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, მასპინძლები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა თბილისელები ორი ჯარიმით დააწინაურა. ‘არესმა’ შერკინებაში დიდი უპირატესობა მოიპოვა, 5-მეტრიანთან ბურთი მოკლე ფრთაზე გაიტანა და იაგო ხაბულიანმა ალამთან გატანილი ლელოთი უპასუხა. სანდრო ფურცხვანიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

სამ წუთში ‘არესმა’ შერკინების შემდეგ ბურთი უკვე გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა, ელგუჯა მარგველაშვილმა ის ფეხით გადაკიდა და ხაბულიანმა ალამთან თავისი მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა მიზანს ასცდა. შესვენებამდე ფურცხვანიძეს არეკნი და ჯარიმა, ხოლო მათიაშვილს ჯარიმა გაუცუდდა. 33-ე წუთზე ‘წიქარას’ ბურჯი შალვა ზვიადაური სინბინით დაისაჯა, თუმცა მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და ტაიმი 12:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელებმა არსენ მაჩალაძის ლელოთი უპირატესობა გაზარდეს, 59-ე წუთზე კი ზვიადაურმა მეორე ყვითელი და შესაბამისად 20-წუთიანი წითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ეპიზოდში სტუმრების შერკინება ისევ დაჯარიმდა და ‘წიქარა’ უკვე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა -24:6.

თამაშის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა დასკვნით წუთებში სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება. ყველაფერი 69-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით დაიწყო და კლავდიუს ხუციშვილი ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ზურა ოდიკაძემ ბოლო მომენტში შეძლო მისი აუტში გადაყვანა. ‘წიქარამ’ ერთ წუთში მეტოქის 5-მეტრიანთან დაიბრუნა ბურთი და ნიკა ლავრელაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მათიაშვილმა კი გარდასახა.

სტუმრებმა წნეხი გააძლიერეს, მასპინძლებმა შეცდომებს მოუხშირეს და 76-ე წუთზე მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა - ყვითელი ბარათი შაქრო ლომსიანიძემ მიიღო. მაგრამ თბილისელებმა შეტევაში შეცდომები დაუშვეს, რის გამოც ლელოს გატანა ვეღარ მოახერხეს და ‘არესმა’ თამაში 24:13 მოიგო. საუკეთესო მოთამაშე ზურა ოდიკაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.131473