მიუნხენის „ბაიერნის“ 17 წლის ტალანტი ლენარტ კარლი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და ბრწყინავს.
მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლისაბონის „სპორტინგთან“, მორიგი გოლი გაიტანა, ერთი გოლი არ ჩაუთვალეს და ისედაც მოედანზე საუკეთესო იყო. ლენარტმა რეკორდიც დაამყარა:
კარლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ მატჩში გოლი გაიტანა. "ბაიერნის" ტალანტმა 17 წლისა და 90 დღის ასაკში მოახერხა „ბრიუგეს“, „არსენალის“ და „სპორტინგის“ დამწუხრება.
მას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბუნდესლიგის 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მან გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ითამაშა და გოლი იმ მატჩშიც გაიტანა.







