ფეხბურთი

2:17 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვცნოთ და მოვუგოთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გიბრალტარს დაუპირისპირდება სტუმრად. იმის გამო, რომ ახლადაღიარებულ სახელმწიფოში უეფას სტანდარდების სტადიონი არაა, შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართება. “ესტადიო ალგარვე” 30002 მაყურებელს იტევს, არენაზე “ფერეინსე” და “ლულეტანო” ატარებენ საშინაო მატჩებს (ეს კლუბები პორტუგალიის ჩემპიონატის დაბალ ლიგებში გამოდიან).

გიბრალტარის ფეხბურთის შესახებ ყველამ ძალიან ცოტა ვიცით, ქვეყანაში როგორც აღვნიშნეთ, ნორმალური სტადიონი არაა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ გიბრალტარი ნახევრადაღიარებული სახელმწიფოა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ესპანეთი მას დამოუკიდებლად არ ცნობს.

ესპანელებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებისთვის ალბათ სჯობს, რომ მომავალ მეტოქეს ზემოდან ყურება არ დაუწყოს და გიბრალტარი, ქვეყანასთან ერთად, ფეხბურთის მოთამაშე გუნდადაც ცნოს, მიიუხედავად იმისა, რომ:

  1. გიბრალტარში სამოყვარულო დონისაა საფეხბურთო ჩემპიონატი;
  2. ნაკრებშიც მხოლოდ ორი პროფესიონალი მოთამაშე ირიცხება: მცველი დავიდ არტელი უელსური “ბელა თაუნის” ღირსებას იცავს, ხოლო ნახევარმცველი ჯეკ გოსლინგი ინგლისურ “ბრისტოლ როვერსში” თამაშობს.
  3. ნაკრების სხვა წევრები პროფესიით ფეხბურთელები არ არიან და მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ბურთაობენ. აქ მრავალი პროფესიის ადამიანს შევხვდებით: პოლიციელი, მეხანძრე, საბაჟოს თანამშრომელი, გადაზიდვის აგენტი, ელექტრიკოსი და ა.შ.


გიბრალტარის მიერ ჩატარებული მატჩებიც რომ არ ვახსენოთ, კარგად ვხედავთ თუ რა დონის გუნდს ვხვდებით. 5 ამხანაგური მატჩიდან გიბრალტარმა 1 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ ერთერთი ფრე სლოვაკეთის ნაკრებთან იყო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთი დაამარცხდა. აი ოფიციალურ მატჩებში კი, გიბრალტარს შავი დღე აყარეს და კარგად გამოჩნდა მათი რეალური შესაძლებლობები. პოლონეთისა და ირლანდიის ნაკრებებმა ზედმეტი პრობლემების გარეშე გაუტანეს ალან ბულას გუნდს 7-7 უპასუხო გოლი. მათ შემადგენლობაში ერთი ცვლილება იგეგმება, მეკარე ჯორდან პერესს, რომელიც პროფესიით მეხანძრეა, 22 წლის სტუდენტი ჯეიმი რობა შეცვლის.

შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცვლილება მოხდა, დისკვალიფიცირებული ბუბა დაუშვილის ნაცვლად, “ჯვაროსნებს” რიგის “სკონტოს” 19 წლის მცველი, ლაშა დვალი შეემატა, რომელიც შოტლანდიასთანაც იყო გამოძახებული, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ვერ მოახერხა ნაკრების დამხმარება. სხვა მხრივ, განაცხადში ცვლილებები არაა, მაგრამ დიდი ალბათობით თემურ ქეცბაია ძირითადში საკადრო ცვლილებებს მოახდენს და შემადგენლობა გაცილებით შემტევი იქნება, ვიდრე ეს “სქოთებთან” მატჩში იყო.
სავარაუდოდ, ძირითადში იქნება თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და შოტლანდიასთან შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმი ჩაატარა.
მოკლედ, ცოტა რთულია ასეთ გუნდთან მატჩისას რაღაც მიზნებზე სერიოზულად საუბარი, მიზანი მხოლოდ ერთი უნდა იყოს, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გამარჯვება და სხვა მატჩებში განცდილი მარცხების ცოტათი მაინც გადაფარვა.

შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 წუთზე გაიმართება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

გიბრალტარი – საქართველო

პორტუგალია, ფარუ “ესტადიო ალგარვე”, 20:00
მსაჯი: ჰ.ლეჩნერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112503