ფეხბურთი

20:57 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "მიქაუტაძეს ეს სჭირდებოდა, ასეთ გოლებს მომავალშიც გაიტანს"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ხეტაფესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და მშრალი სერია შეწყვიტა.

როგორც ესპანელმა თქვა, მიქაუტაძეს გოლი სჭირდებოდა და ის ძალიან ზუსტი ფეხბურთელია:

„ჟორჟს გოლი სჭირდებოდა, თავდამსხმელებს ყოველთვის სჭირდებათ გოლები, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, რომ მას სიმშვიდე შეენარჩუნებინა. არ უნდა იყო შეპყრობილი გოლის გატანით. უნდა იყო ჩართული, მობილური და გუნდური მოთამაშე. ასევე, ვიცით, რომ ის ძალიან ზუსტი მოთამაშეა, რომელიც დღევანდელივით გოლებს ოსტატურად იტანს. წინა მატჩებში, შესაძლოა, მას ძალის გამოყენება სურდა, მაგრამ გატანა ასეც შეუძლია. ის ძალიან ზუსტია და შესანიშნავი დარტყმის უნარი აქვს. ძალიან გვიხარია, რომ ასე გამოვიდა და რომ მან გოლი გარკვეული დროის შემდეგ გაიტანა“, - განაცხადა მარსელინომ.

გიორგიმ მატჩის შემდეგ "ვილიარეალის" ფანებს მიმართა: „ძალიან ბედნიერი ვარ მოგებით და აგრეთვე გოლით. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის".

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 3 გოლი და 2 ასისტია.

„ვილიარეალისთვის“ ეს ლა ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, 35 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“, ხოლო ერთი ქულით „რეალს“. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „ლევანტეს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 10 დეკემბერს, „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087552