საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომლებიც მასპინძლებმა მოიგეს.
ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონი გამარჯვებით დაასრულა. დირკ შუსტერის გუნდმა „გარეჯს“ 2:1 აჯობა. უგოლო ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე ორჯერ გაიტანეს. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა, რასაც ბიორნ იონსენის გოლი მოჰყვა, რომელმაც სეზონში 21-ე გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ზედიზედ მეორედ. ნორვეგიელი ეროვნულ ლიგაში სხვა ფორვარდებს ერთი თავით აღემატება და ეს აშკარად იგრძნობა. სტუმრებმა მატჩის ბოლოს მათე ქომეთანის გოლით სხვაობა შეამცირეს.
„ტორპედომ“ სეზონი 63 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო „გარეჯი“ 34 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა და პლეი-აუტში ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებს, მისი მეტოქე კი ორმატჩიან დუელში „სპაერი“ იქნება.
„თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალთან“ 3:0 მოიგო. დასაწყისში გორგი ჩხეტიანმა გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს მიხეილ ბაშალეიშვილმა და ვატო არველაძემ. შედეგად, „თელავმა“ „გარეჯს“ გადაასწრო, 36 ქულით მერვე ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში ტყიბულის „მეშახტეს“ გაეჯიბრება.
„ტორპედო“ - გარეჯი“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (51), 2:0 იონსენი (57), 2:1 ქომეთიანი (73)
„თელავი“ – „სამგურალი“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჩხეტიანი (3), 2:0 ბაშალეიშვილი (84), 3:0 არველაძე (90)
ბომბარდირები
ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 21 გოლი
გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 17
თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი) – 12
იური ტაბატაძე (იბერია) – 11
ლევან პაპავა (გარეჯი) - 11






