ქუთაისის ‘აიამ’ უხვქულიან მატჩში ‘გორს’ 45:29 აჯობა, სატურნირო ცხრილში 33 ქულა მოაგროვა და ლიდერებს გაუტოლდა, თუმცა ‘არესსა’ და ‘ბათუმს’ მე-10 ტურის შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.
‘გორი’ 13 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზე დარჩა.
crocobet დიდი 10-ის მეორე წრის შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. პირველი წრის მატჩის მსგავსად (‘აიამ’ გორში 43:37 გაიმარჯვა), ვიცე-ჩემპიონმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანა. შიდა ქართლელებმა ამჯერად 5 ლელოთი უპასუხეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მათ დებიუტშივე შეძლეს უპირატესობის მოპოვება. ფეხით თამაშის შემდეგ ქუთაისელებმა სტუმრები წნეხში მოაქციეს და 5-მეტრიანი შერკინება გამოიმუშავეს. იქიდან ბურთი ხაზზე გავიდა და ლელო საბა ლაღაძემ გაიტანა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა. ‘გორმა’ მე-12 წუთზე უპასუხა, საკუთარი 22-ის ხაზთან დანიშნული შერკინების შემდეგ ნიკა ჩიღვინაძე კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა, ხაზი გაჭრა და ცენტრამდე ირბინა, მას კარგად მიყვა რაფაელე ტუნინდაუ და 80-მეტრიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, გელა ხელაძემ კი გარდასახა.
მიუხედავად ამისა, ‘აია’ ფლობდა ინიციატივას, სტუმრები ხშირად ჯარიმდებოდნენ, რამაც მასპინძლებს წინსვლის შესაძლებლობა მისცა და მე-18 წუთზე დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ ლუკა ნარსიამ ლელო, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვა გაიტანა. ხელაძემ 40 მეტრიდან ჯარიმით სცადა ჩამორჩენის შემცირება, თუმცა მიზანმა უმტყუნა. ‘გორმა’ შეძლო თამაშის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა და პაატა გალდავას შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქუთაისელთა ცენტრი ნიკა ღლონტი სინბინით დაისაჯა.
‘გორმა’ შერკინება ირჩია, რის შემდეგაც კარგად გაშალა ბურთი და თითქოს გალდავამ დამსახურებული ლელო მიითვალა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ დამიწებამდე წინ თამაში დააფიქსირა. სტუმრებმა მაინც შეძლეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, დერეფნის შემდეგ შეტევა კიდევ ერთხელ გაშალეს და აპილემეკი ნამბოლენგამ ლელოთი პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 17:12.
მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ‘გორი’ შეტევებს აგრძელებდა და წინაც გაიჭრა. 44-ე წუთზე დავით მთვარაძე მბოჭავს დაუსხლტა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო 4 წუთში ნიკა ბიწაძემ გაჭრა ხაზი და დიდი მანძილი მოიგო, შემდეგ ფაზაში ჩიღვინაძემ შეუტია და ლელოთი სტუმრები დააწინაურა. გარდასახვები არაზუსტი იყო.
თამაში რომ განახლდა ‘აიამ’ გააფთრებით შეუტია და ახლა ‘გორი’ დარჩა კაცნაკლული, ყვითელი ბარათი დიმა ხურცილავამ მიიღო და ქუთაისელებმა 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს. ამ პერიოდში მათ სამი გარდასახული ლელო გაიტანეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. ლელოები ალეკო გიგაშვილმა, ამირან შვანგირაძემ და ოთია გიორგაძემ მიითვალეს, გარდასახვები კი ბაბუნაშვილმა შეასრულა.
71-ე წუთზე თამაშის წესები უკვე ‘აიას’ მესამეხაზელმა ჯიუტა მბატირერენგამ დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. სამ წუთში სინბინიდან დაბრუნებულმა ხურცილავამ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და მამუკა ნინიძემ გარდასახა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ოთია გიორგაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და სტუმრებს ნუგეშ-ქულის აღების შესაძლებლობაც მოუსპო, ხოლო ბაბუნაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 45:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთია გიორგაძე გახდა.
RUGBY.GE









