საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდის, ნიკიტა სიმონიანის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოსკოვში, „ლუკოილ არენაზე” გაიმართა - წერს sport-express.ru.
ის „სპარტაკის“ საშინაო სტადიონიდან ოვაციებისა და ფრენკ სინატრას სიმღერის „ჩემი გზა“ შესრულების ფონზე, ბოლო გზაზე გააცილეს. სიმღერის არჩევანი სიმონიანის უკანასკნელი სურვილი იყო.
სიმონიანი 23 ნოემბერს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის „სპარტაკის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (160 გოლი) და „წითელ-თეთრებთან“ ერთად ოთხგზის სსრკ ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი გახდა. „სპარტაკის“ გარდა, სიმონიანი სოხუმის „დინამოსა“ და მოსკოვის „კრილია სოვეტოვში“ თამაშობდა.
ის სოხუმში ცხოვრობდა და მისი პირველი კლუბი სოხუმის „დინამო“ გახლდათ, პირველი მწვრთნელი კი შოთა ლომინაძე.
მწვრთნელის რანგში სიმონიანმა სპარტაკთან ერთად ორჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონატი და სამჯერ სსრკ თასი, ერევნის „არარატი“ კი ჩემპიონატისა და სსრკ თასის მოგებამდე მიიყვანა. ის ასევე წვრთნიდა სსრკ-ის ეროვნულ ნაკრებს და ოდესის „ჩერნომორეცს.“
ამ თვის დასაწყისში სიმონიანი ყველაზე ასაკოვანი ცოცხალი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, როდესაც ფრანგი ველომრბოლელი შარლ კოსტი, რომელმაც 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, 2 ნოემბერს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.









