ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მეტოქე "ბარსელონა" იყო. ასეთი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩებშიც იგივე შედეგის დაფიქსირება ვცადოთ. როდესაც მატჩს იგებ ენერგიის აღდგენა გაცილებით მარტივია, ამიტომ ახლა მომდევო მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ეს ყველაფერი წარსულში დავტოვოთ.
მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და ვთქვლი, რომ არაუხოს გაძევებამდეც თამაშის სცენარს ჩვენ ვაკონტროლებდით. მთავარი აქცენტი ბურთის ფლობაზე გავაკეთეთ და მიხარია, რომ ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა. "ბარსელონა" თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც ბურთი აქვს და ჩვენ სწორედ იგივე ტაქტიკა დავუპირისპირეთ და ამან იმუშავა კიდეც. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. ახლა ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება მივეცი, რადგან წინ "არსენალთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველოდება", - განაცხადა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ტურის შემდეგ „ჩელსის“ 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო „ბარსელონას“ აქტივში 7 ქულაა და „აინტრახტს“ უმასპინძლებს.









