ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 73:74 დამარცხდა.
ესპანურმა კლუბმა პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგო, მაგრამ ეს უპირატესობა მესამე პერიოდში გაანიავა, რომელიც 14 ქულით (9:23) დათმო. ბოლო პერიოდში კატალონიელებმა სიტუაცია ვერ გამოასწორეს.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 3 იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ანადოლუ ეფესის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი - იგორ კოკოშკოვია.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 7 მოგებით და 5 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, „ლიონ-ვილერბანს“ უმასპინძლებს.









