საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთად შრომით და თავდადებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
„მოხარული და მადლიერი ვარ ნაკრებში გამოძახებით. გუნდში იდეალური განწყობაა. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ასაკობრივი ნაკრებიდან ვიცნობ. გამოცდილი მოთამაშეებიც საოცრად მეგობრულები არიან და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთი თაობის მოთამაშეები ვართ.
განვლილი წელი ჩემთვის ძალიან დადებითი იყო. სეზონი იბერიაში ძალიან კარგად მიდიოდა, კარგი სტარტი მქონდა კადისშიც, რაც ნაკრებში საოცნებო გამოძახებით გაგრძელდა. თუმცა, დრო ჯერ კიდევ არის, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ორი წლის წინ, როდესაც პირველად წავედი საქართველოდან, საქმე კარგად არ წამივიდა. გავიდა დრო, გავაანალიზე შეცდომები და პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, არ დაკარგო თავდაჯერება და გახსოვდეს, ვინ ხარ და რა შეგიძლია.
ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. ამ ნაკრებს კიდევ ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია ხალხისთვის. ბიჭებთან ვსაუბრობდით, რომ ამ ორ თამაშში ხალხს დავუფასოთ ის სიყვარული და გვერდში დგომა, რაც აქამდე გვანახეს და ამისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ" - თქვა ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს (21:00 საათზე), ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება






