მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს 29-ე მონაწილე ჰყავს - საფრანგეთის ნაკრები. დიდიე დეშამის გუნდმა პარიზში უკრაინის ნაკრები გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
უგოლო ტაიმის შემდეგ ფრანგებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს - 4:0. დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, თითოჯერ მაიკლ ოლისემ და უგო ეკიტიკემ გაიტანეს. შედეგად, საფრანგეთი 13 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ბოლო ტურში აზერბაიჯანს ხვდება, უმოტივაციოდაა ორივე გუნდი. მეორე ადგილისა და პლეი-ოფის საგზურისთვის ბოლო ტურში უკრაინა-ისლანდიას შორის ფინალია: ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვს, მაგრამ ისლანდიას ფრეც აწყობს, ბურთების უკეთესი ბალანსის გამო.
| 1. | საფრანგეთი | 5 | 4 | 1 | 0 | 13 | 3 | 10 | 13 |
| 2. | ისლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 13 | 9 | 4 | 7 |
| 3. | უკრაინა | 5 | 2 | 1 | 2 | 8 | 11 | -3 | 7 |
| 4. | აზერბაიჯანი | 5 | 0 | 1 | 4 | 2 | 13 | -11 | 1 |
დღესვე მუნდიალის საგზურის მოპოვება შეეძლო პორტუგალიას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. ტროი პაროტმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და რობერტო მარტინესის გუნდმა სიტუაცია ვერ შეცვალა. 61-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. კრიშტიანუმ 226-ედ ითამაშა ნაკრებში და პირველად გააძევეს.
პორტუგალია 10 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში სომხეთს შინ თუ მოუგებს, მუნდიალზე მაინც გავა. მეორე ადგილისთვის ყველაფერი უნგრეთი-ირლანდიის დაპირისპირებაში გაირკვევა. უნგრეთს ქულით მეტი აქვს.
| 1. | პორტუგალია | 5 | 3 | 1 | 1 | 11 | 6 | 5 | 10 |
| 2. | უნგრეთი | 5 | 2 | 2 | 1 | 9 | 7 | 2 | 8 |
| 3. | ირლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 6 | 5 | 1 | 7 |
| 4. | სომხეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 2 | 10 | -8 | 3 |
იტალიის ნაკრებმა მოლდოვა ბოლოსკენ გატეხა და 2:0 სძლია ჯანლუკა მანჩინისა და ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს გოლებით. იტალიას თეორიული შანსი პირველი ადგილისთვის რჩება, მაგრამ ბოლო ტურში შინ ნორვეგიას მინიმუმ 9:0 უნდა მოიგოს, რაც არარეალურია. ასე რომ, ნორვეგია გაიფორმებს მუნდიალის საგზურს, ხოლო იტალიის ნაკრებს ისევ პლეი-ოფში მოუწევს თამაში და ბრძოლა, რომ ზედიზედ მესამედ არ დარჩეს მუნდიალს მიღმა, რაც კატასტროფა იქნებოდა.
| 1. | ნორვეგია | 7 | 7 | 0 | 0 | 33 | 4 | 29 | 21 |
| 2. | იტალია | 7 | 6 | 0 | 1 | 20 | 8 | 12 | 18 |
| 3. | ისრაელი | 7 | 3 | 0 | 4 | 15 | 19 | -4 | 9 |
| 4. | ესტონეთი | 8 | 1 | 1 | 6 | 8 | 21 | -13 | 4 |
| 5. | მოლდოვა | 7 | 0 | 1 | 6 | 4 | 28 | -24 | 1 |
ინგლისმა, რომელსაც ისედაც მოპოვებული ჰქონდა მუნდიალის საგზური, შინ სერბეთს 2:0 აჯობა ბუკაიო საკასა და ებერეჩი ეზეს გოლებით. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ სერბეთმა დაკარგა შანსი ჯგუფიდან გასვლის. მეორე ადგილზე გავიდა ალბანეთი, რომელმაც ანდორას 1:0 მოუგო და სილვინიოს გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს, რაც დიდი წარმატებაა.
| 1. | ინგლისი | 7 | 7 | 0 | 0 | 20 | 0 | 20 | 21 |
| 2. | ალბანეთი | 7 | 4 | 2 | 1 | 7 | 3 | 4 | 14 |
| 3. | სერბეთი | 7 | 3 | 1 | 3 | 7 | 9 | -2 | 10 |
| 4. | ლატვია | 7 | 1 | 2 | 4 | 4 | 13 | -9 | 5 |
| 5. | ანდორა | 8 | 0 | 1 | 7 | 3 | 16 | -13 | 1 |
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი და საფრანგეთი.









