ფეხბურთი

22:31 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, მაგრამ "ლივერპული" "სიტისთან" განადგურა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მთავარ შეხვედრაში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა, რომელსაც ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 განადგურდა.

არნე სლოტის გუნდი კარგა ხანია არაა ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩები მოიგო, გამოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე არაა. პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში კი, მე-1000 მატჩი ძალიან კარგი გამოდგა.

მე-13 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა საჯარიმოში ჟერემი დოკუ წააქცია და პენალტი დაინიშნა. თუმცა, ქართველმა მეკარემ შეცდომა თავადვე გამოასწორა და ერლინგ ჰოლანდის დარტყმა მოიგერია. „ლივერპულმა“ დიდხანს მაინც ვერ გაძლო.


29-ე წუთზე მამარდაშვილს ჰოლანდმა მეორე დუელი მოუგო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში ნიკო გონსალესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ნახევარში ჟერემი დოკუმ ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მამარდაშვილს გოლებში ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ მეცხრე მატჩი ჩაატარა - 5 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე. სავარაუდოდ, მომდევნო მატჩისთვის ალისონი გამოჯანმრთელებული იქნება და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება...

„მანჩესტერ სიტი“ 22 ქულით მეორეა და ოთხი ქულით ჩამორჩება „არსენალს“, მომდევნო ტურში კი, „ნიუკასლს“ ესტუმრება. „ლივერპულისთვის“ ეს მეხუთე მარცხი იყო პრემიერლიგაში, 18 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, შინ „ნოტინგემთან“ გამართავს.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (29), 2:0 ნიკო გონსალესი (45), 3:0 დოკუ (63)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096479