სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში დაბრუნდა, სადაც აპლოდისმენტებით და ოვაციებით დახვდნენ.
„ტორონტომ“ NBA-ს მორიგი მატჩი სწორედ „სპურსთან“ სტუმრად გამართა და 103:121 დამარცხდა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.
სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთში 5 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა.
„ტორონტო“ 1 მოგებით და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 ოქტომბერს, „ჰიუსტონთან“ შინ გამართავს.
მორიგი მარცხი განიცადა „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც „ფილადელფიასთან“ 124:136 წააგო.
გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ორლანდო“ 1 მოგებით და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციაზეა და 30 ოქტომბერს, „დეტროიტს“ ესტუმრება.









