ფეხბურთი

21:05 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "დილა" დაამარცხა და ქულებით გაუთანაბრდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში შეიძლება ითქვას, რომ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი შედგა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი „იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტურის წინ გორელები კონკურენტს სამი ქულით უსწრებდნენ, მაგრამ ახლა მათ შორის, ქულებში თანაფარდობაა, რადგან „იბერიამ“ გაიმარჯვა.

მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: მე-13 წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გოლით „იბერია“ დაწინაურდა. თუმცა, 6 წუთში გურამ გოშთელიანმა წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, 70 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გუგა ნერგაძის გუნდს კაცნაკლული მოუწია თამაში. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა მაინც მოიგეს.

42-ე წუთზე ლუკა სილაგაძეს შეეძლო სხვაობის გაზრდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში „იბერიამ“ მაინც გაზარდა სხვაობა, როცა დეო ბასინგამ ავტოგოლი მიითვალა. მეორე ნახევარში "დილამ" მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომელიც ოთარ ფარულავას აქტივშია, ხოლო 10-კაციანმა „იბერიამ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი 2:1 მოიგო.

„იბერიას“ და „დილას“ 62-62 ქულა აქვთ და სეზონის ბოლომდე 6 ტური რჩება. თუმცა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით (4-დან 4 მოგება ამ სეზონში) "იბერია" ლიდერია. უახლოეს მატჩებს რაც შეეხება, „დილა“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „იბერია“ „დინამო ბათუმს“ ესტუმრება.

„იბერია“ – „დილა“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (13), 2:0 ბასინგა (45, ა.გ), 2:1 ფარულავა (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094266