საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთში მიმდინარე შეკრებაზე კომენტარი გააკეთა.
მან ისაუბრა ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრასა და საკუთარ თავზე, რადგან პსჟ-ში ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა. თუმცა, ახლა კვარა თავს კარგად გრძნობს:
"იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის ასი პროცენტით მზად ვყოფილიყავი. მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის. ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება", - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.






