საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კარგია, რომ პირველ მატჩამდე მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ.
"ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.
დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა 100%-ით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ", - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.






