„უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძე წარადგინეს. ქართველმა მცველმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მის კარიერაში ეს დიდი წინსვლაა:
„გასული სეზონი ჩემთვის სერია A-ში პირველი იყო და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გამოდგა. ახლა სხვა დონეზე ვარ, ვგრძნობ, რომ შევიცვალე. გუნდში ყველა მეხმარება და ვცდილობ მაქსიმუმალურად ვივარჯიშო და გუნდს დავეხმარო. გუნდში კარგი ენერგია და მეგობრული გარემოა, რაც კარგი სეზონისთვის მნიშვნელოვანია.
შარშან „უდინეზესთან“ ორჯერ ვითამაშე, განსხვავებული მატჩები იყო. მაშინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ აქ ვითამაშებდი, რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
ჩემი პოზიცია ცენტრალური მცველია, მაგრამ შემიძლია, როგორც სამ, ასევე 4-კაციან დაცვაში თამაში, საქართველოში მითამაშია ორივე სქემაში. ფეხბურთი ასეთია, ყველფრისთვის მზად ვარ. ჩემი მისაბაძი მცველი სერხიო რამოსია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა, რომ „უდინეზეს“ ისტორიაში პირველი მცველი ვარ. რატომ 2 ნომერი? 10-11 წლიდან 2 ნომრით ვთამაშობ, „ემპოლიშიც“ ასე იყო და აქაც ავირჩიე“, - თქვა საბამ.

„ის ჩვენთან მაესტრო გიორგი ჩაკვეტაძის კურთხევით მოვიდა, რომელიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია ჩვენს ჯგუფში, ჩვენთან უოტფორდში მუშაობს. მან საბაზე საოცრებები მითხრა, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ბიჭზე“, - თქვა მოკლედ „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ.
საბას შესახებ ისაუბრა უდინეზეს გენერალურმა დირექტორმა ფრანკო კოლავინომ:
„გოგლიჩიძე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილია, სერია A-ში „ემპოლის“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში მთელი სეზონი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კანდიდატია, ფიზიკურად ძლიერი მცველი, რომელიც ჩვენს დაცვას გაამაგრებს. კარგი პოტენციალი აქვს, ვფიქრობ, რომ თავიდანვე გუნდში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა კოლავინომ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2021-2023 წლებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის იანვარში ის „ემპოლიმ“ შეიძინა, მაგრამ მაშინ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. საბამ იტალიურ გუნდში თავი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, როდესაც სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში გოგლიჩიძეს 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ქართველი მცველის დებიუტი რამდენიმე დღის წინ იტალიის თასზე „კარარეზესთან“ მატჩში შედგა, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზე“ „ვერონას“ 25 აგვისტოს დაუპირისპირდება.






