ლისაბონის „სპორტინგსა“ და ვიქტორ გიოკერეშს შორის დაძაბულობაა. ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს, მაგრამ პორტუგალიური კლუბი მას ძალიან ძვირად აფასებს.
„სპორტინგის“ პრეზიდენტმა ფრედერიცო ვარანდასმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა თავად იცის, რა ღირს: „არ ვაპირებ ფასის დასახელებას, ფეხბურთელმა იცის, რა ღირს. შემიძლია გითხრათ, რომ ვიქტორი 60+10 მილიონ ევროდ ვერ წავა, უბრალოდ არ გავუშვებთ“.
ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელის ამ სიტყვების შემდეგ გიოკერეში შვებულებიდან „სპორტინგში“ დაბრუნებას და თამაშის გაგრძელებას არ აპირებს. როგორც Record-ი იტყობინება, შვედმა ამის შესახებ კლუბს უკვე აცნობა. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ კლუბმა მოატყუა, რადგან დაპირებულ ფასად მის გაყიდვას არ თანხმდება.
გიოკერეშს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერი“ და „არსენალი“ იჩენენ. 27 წლის ფორვარდს „სპორტინგში“ 2023 წლიდან ჩატარებულ 102 მატჩში 97 გოლი აქვს გატანილი.









