"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის ანტონის მიმართ ინტერესი იზრდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის შეძენას არაერთი კლუბი ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბეტისში" გადასვლის შემდეგ ფორმაში შევიდა, "მანჩესტერი" მის დაბრუნებას არ ეცდება და სურვილი აქვს 25 წლის შემტევი კიდევ ერთხელ გაანათხოვროს ან გაყიდოს.
როგორც ცნობილი ხდება, ანტონის გამოსყიდვით "ბეტისი" სერიოზულადაა დაინტერესებული, გარდა ამისა, მისი თამაშით მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა მოხიბლული და კლუბში მისი ხილვა სურს.
ცნობისთვის, ანტონი "მანჩესტერის" საკუთრებაა და ამჟამად "ბეტისშია" განათხოვრებული, რომლის იჯარაც ზაფხულში იწურება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ესპანეთში გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 7 გოლი და 4 საგოლე მიითვალა.






