მადრიდის „რეალმა“ სასწაული ვერ მოახდინა. ობიექტურად და ცივ გონებაზე შეფასებით, ეს მოსალოდნელიც იყო. ბოლო დროს კარლო ანჩელოტის გუნდი არათუ საუკეთესო, კარგი ფორმისგანაც შორს იყო და ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ „არსენალთან“ 0:3-ს ვერ დაქაჩავდა.
„არსენალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ გაიმარჯვა, თანაც დამსახურებულად. თამაშის არც ერთ მომენტში არ გაჩენილა განცდა, რომ მადრიდელებს ქამბექის უნარი ჰქონდათ.
მე-13 წუთზე ბუკაიო საკას მიეცა იდეალური შანსი ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, ტიბო კურტუამ აჯობა. პირველ ტაიმში მეტი პრაქტიკულად არაფერი მომხდარა, ყველაზე საინტერესო ის პენალტი იყო, რომელიც მსაჯმა „რეალის“ სასარგებლოდ დანიშნა და მერე თვითონვე გააუქმა.
მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა. რაც უფრო დრო გადიოდა, „რეალი“ უფრო სასოწარკვეთილი და უიმედო ხდებოდა, „არსენალი“ - თავდაჯერებული. 65-ე წუთზე ლოგიკურად სტუმრებმა ანგარიშიც გახსნეს, საკამ შეცდომა გამოასწორა - 0:1.
„რეალმა“ მალევე გაათანაბრა, ორ წუთში, ვინისიუსმა ისარგებლა ვილიამ სალიბას უხეში შეცდომით. თუმცა, ეს აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი გოლი იყო, ცხადი გახლდათ, რომ არაფერს შეცვლიდა და ვერც შეცვალა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდელებმა მეორეც გაუშვეს. გაბრიელ მარტინელიმ კონტრშეტევა დაასრულა და - 1:2. ორი მატჩის ჯამში ლონდონელებმა 5:1 მოიგეს.
„არსენალი“ მეორედ გადაეყარა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გააგდო, როგორც 2006 წელს. სამჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა.
ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს, სადაც „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება. ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიას და პსჟ-ს ზედიზედ მესამედ მოუწევთ პლეი-ოფში ინგლისურ კლუბთან თამაში, „ლივერპულისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ.
„რეალმა“ კი, ამჯერად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, ზაფხულში ფლორენტინო პერესისგან ძირეული ცვლილებებია მოსალოდნელი.
„რეალი“ – „არსენალი“ 1:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:5
გოლები: 0:1 საკა (65), 1:1 ვინისიუსი (67), 1:2 მარტინელი (90)









