ფეხბურთი

1:06 | 11.04.2025 | ნანახია 1169 - ჯერ

მიქაუტაძის კარგი თამაში "მანჩესტერთან", "ლიონი" მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშა და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა.

პაულუ ფონსეკას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, 26-ე წუთზე ტიაგო ალმადას გოლით დაწინაურდა. ფრანგული გუნდი თამაშს აკონტროლებდა და თითქოს, ტაიმი უნდა მოეგო, მაგრამ მეოთხე კომპენსირებულ წუთზე გაუშვა. მანჩესტერელებმა ანგარიში ლენი იოროს გოლით გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი „ლიონი“ უფრო აქტიურობდა, რამდენჯერმე ჰქონდა გატანის შანსი. მაგალითად, 53-ე წუთზე, როცა გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავად ითამაშა, ორი მცველი ეფექტურად მოატყუა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ალექსანდრ ლაკაზეტმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მიქაუტაძეს თავადაც ჰქონდა შანსები, მაგრამ რამდენჯერმე კარგად დარტყმა ვერ მოახერხა.

თითქოს, „ლიონი“ უახლოვდებოდა გოლს, მაგრამ 88-ე წუთზე გაუშვა. ბრუნო ფერნანდეშის პასით ჯოშუა ზირკზემ თავით გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ.

ფრანგული გუნდის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდა, ბოლომდე სცადა გატანა, მიზანსაც მიაღწია: ბოლო, მეხუთე კომპენსირებულ წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ მიქაუტაძემ დაარტყა კარში, ანდრე ონანამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე რაიან შერკიმ გაიტანა - 2:2.

გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, კარგი მატჩიც ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, როცა თითქმის ყოველთვის სახიფათო იყო და „ლიონის“ მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა.

რა თქმა უნდა, 2:2 „ლიონისთვის“ სახარბიელო შედეგი არაა იმის გათვალისწინებით, რომ 17 აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა ითამაშოს, მაგრამ მარცხს სჯობდა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 28 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 10 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

დღესვე, ევროპა ლიგაზე „რეინჯერსი“ და „ბილბაო“ უგოლოდ დაზავდნენ, „ტოტენჰემმა“ და „აინტრახტმა“ გოლები გაცვალეს (1:1), ხოლო ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ „ლაციო“ 2:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგაზეც იყო მეოთხედფინალური მატჩები: „ჩელსიმ“ სტუმრად „ლეგიას“ 3:0 სძლია, „რაპიდმა“ შვედეთში აჯობა „დიურგარდენს“ (1:0), „ფიორენტინამ“ სლოვენიაში „ცელიეს“ 2:1 მოუგო, ხოლო „ბეტისმა“ „იაგელონია“ შინ 2:1 დაამარცხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129634
სარეკლამო ადგილი - 99
X x X