ფეხბურთი

2:27 | 10.04.2025 | ნანახია 501 - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარია, გუნდმა მოიგო"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ გუნდმა მოიგო, თუმცა გოლითაც გახარებულია:

„ცუდად დავიწყეთ, რადგან გოლი გავუშვით, მაგრამ დუემ მალევე გაათანაბრა. ბევრი გოლის გატანა ვცადეთ და კმაყოფილები ვართ, მაგრამ საპასუხო მატჩი წინაა, ჯერ არაფერი დასრულებულა. რთული იქნება, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ვნახოთ რა მოხდება, 90 წუთი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ჩემი გოლი კარგი იყო, მაგრამ კარგად არ მახსოვს, სწრაფად მოხდა, გასახდელში შევალ და თავიდან ვუყურებ.

მარადონას სტილში გოლი? ის ნეაპოლში ღმერთია, ერთ-ერთი საუკეთესო. არასოდეს მინახავს მისი თამაში ცოცხლად, მაგრამ დიდი იყო. მე ის მიყვარს, ნეაპოლში ნეაპოლიტანელი ვიყავი და როგორც სხვა ყველა ნეაპოლიტანელს, მეც მიყვარდა.

გოლი მიხარია, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. გოლი მნიშვნელოვანია, თუმცა გუნდი პირველ ადგილზეა. რთული მატჩი მოვიგეთ, მათ გაიტანეს, მაგრამ 90 წუთი კონცენტრირებული ვიყავით და კარგი სამუშაო შევასრულეთ.

ლუის ენრიკესთან მუშაობა? მასთან თავს კარგად ვგრძნობ, პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მოედანზე სიხარულით გასვლა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071202