„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
პორტუგალიელი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ თავისი გუნდის შესაძლებლობების სჯერა:
"ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის. შესაძლოა მათთვის კიდევ უფრო გადამწყვეტი, რადგან ეს მათი ერთადერთი შანსია, ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მოიპოვონ.
მესმის ფეხბურთელების ამბიცია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ, როგორც მწვრთნელმა, გარკვეული ბალანსი უნდა შევინარჩუნო. გვინდა გავიმარჯვოთ, ცხადია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ეს ბალანსი ახლა აუცილებელია. გუნდში ნამდვილ მოტივაციას ვგრძნობ.
რუბენ ამორიმის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე და კარგად ვიცი მისი სტილი. მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თავი აუცილებლად კარგად უნდა დავიცვათ, უნდა ვიმუშაოთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. რუბენის გაწვრთნილ გუნდთან მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იყოს გადამწყვეტი. ალექსანდრე ლაკაზეტი, კორენტინ ტოლისო, ნემანია მატიჩი, კლინტონი, ნიკოლას ტალიაფიკო, მუსა... მათ ყველამ უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს, რა თქმა უნდა, აქტივია, მაგრამ ხვალ ეს არ იქნება განმასხვავებელი ფაქტორი.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ორივე გზა ძალიან რთულია. ამიტომაც მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ. ვერ ვიტყვი, რომელია უფრო მარტივია. ორივე მნიშვნელოვანია და მათ ერთნაირი მონდომებით მივუდგებით.
ნორმალურია, რომ ამ მატჩის ირგვლივ მღელვარებაა. ეს არის ევროპა ლიგის მეოთხედფინალი, სახლში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. მომწონს ეს ენერგია, მომწონს, როცა ხალხს სჯერა ჩვენი, როცა ამბობენ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია