„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა და ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა ეს ტიტული.
ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ჩემპიონობას განცხადებით გამოეხმაურა:
"უზომოდ ვამაყობთ, რომ გავხდით ლიგა 1-ის ჩემპიონები, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის და განსაკუთრებულია ტიტულის მოგება აქამდე დაუმარცხებლად. ვულოცავ ყველა მოთამაშეს, ჩვენს მწვრთნელს ლუის ენრიკეს, ჩვენს სპორტულ დირექტორს ლუიშ კამპოსს და მთელ პერსონალს, რომლებმაც წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულეს. ეს შესანიშნავი მომენტია ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვის, საფრანგეთში და საზღვარგარეთ, ასევე ქალაქ პარიზისთვის.
ფეხბურთის სამყაროში ყველამ დაიხანა და აღფრთოვანებულია „პარი სენ-ჟერმენის“ განვითარებით ამ ახალ ეპოქაში - ყველაფერზე მეტად ჩვენი ფილოსოფია გუნდურობას ემყარება, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი არის გუნდი და ეს ვარსკვლავი ასე ანათებს.
სეზონი შორს არის დასრულებამდე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა და კონცენტრირება მატჩიდან მატჩამდე, რათა სეზონის ბოლო მომენტამდე ყველა ტურნირში ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში 74 ქულა აქვს (23 მოგება, 5 ფრე) და დაუმარცხებელია. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ დარჩენილ 6 ტურში კიდევ ერთი მიზანი ექნება: ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულოს, რაც ალბათ, არც უნდა გაუჭირდეს. გარდა ამისა, პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში (მეტოქე "რეიმსი") და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული (მეტოქე "ასტონ ვილა").
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია