საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ლიონმა“ უშუალო კონკურენტი „ლილი“, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩებოდა, დაამარცხა.
პირველივე წუთზე „ლილი“ ბაფოდე დიაკიტეს გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ალექსანდრ ლაკაზეტმა თავისივე მოპოვებული პენალტით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი რაიან შერკიმ გაიტანა და პაულუ ფონსეკას გუნდმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო - 2:1.
გიორგი მიქაუტაძის 5-მატჩიანი გოლების სერია შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი შესანიშნავ ფორმაშია, ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მხოლოდ 68-ე წუთზე ჩართეს თამაშში ლაკაზეტის ნაცვლად და ორ წუთში „ლომებმა“ გამარჯვების გოლი შეაგდეს...
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 28 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-4 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, „ოსერს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.