ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა და 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
გიორგი მამარდაშვილმა 8 სეივი მიითვალა, პირველ ტაიმში ვინისიუსს პენალტიც აუღო და როგორც გაირკვა, დარტყმამდე მას დაენიძლავა.
„ვინისიუსთან საუბარი მქონდა და 50 ევრო მოვიგე“, - აღნიშნა მამარდაშვილმა და შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ:
„ვინისიუსს ვკითხე უნდოდა თუ არა, 50 ევროზე სანაძლეო და მიპასუხა, რომ კი. პენალტი მოვიგერიე და სანაძლეო მოვიგე, თამაშის შემდეგ უნდა გადაეხადა, მაგრამ ჯერ არაფერი მოუცია“, - იხუმრა ესპანურ მედიასთან გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის - პენალტიც. „ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.