„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში იმდენად დომინანტურია, რომ დღეს, 5 აპრილს, ჩემპიონი გახდა!
28-ე ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა „ანჟერს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ ქულაც გააჩემპიონებდა, მაგრამ გაიმარჯვა და ისტორიაში მე-13-ედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.
გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე თავური დარტყმით დეზირ დუემ გაიტანა, საგოლე პასის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგიდან იდეალურად ჩააწოდა საჯარიმოში, მერე კი, დუეს ისღა დარჩენოდა, გაეტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 10 მატჩი, 2 გოლი და 3 ასისტია.
ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში პირველი ტიტული მოიგო. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონია! კვარას მიმდინარე სეზონში ტიტულების მოგება კიდევ შეუძლია, რადგან პსჟ საფრანგეთის თასის ფინალშია, სადაც „რეიმსს“ შეხვდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპიდან აგრძელებს ბრძოლას, მეტოქედ „ასტონ ვილა“ ჰყავს, რომელსაც სამ დღეში შეხვდება.
„პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში 74 ქულა აქვს (23 მოგება, 5 ფრე) და დაუმარცხებელია. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ დარჩენილ 6 ტურში კიდევ ერთი მიზანი ექნება: ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულოს, რაც ალბათ, არც უნდა გაუჭირდეს.