„ვალენსიამ“ ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდში, „რეალი“ დაამარცხა, ისტორიული, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ამ სტადიონზე ბოლოს 2008 წელს მოეგო, ხოლო ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უშუალოდ ლა ლიგამ დაასახელა. გიორგიმ ასაღებიც აიღო და რაც მთავარია, აუღებელიც!
მოკლედ, გიორგი მამარდაშვილს დიდებული მატჩი ჰქონდა, მიმდინარე სეზონში საუკეთესო: ქართველმა მეკარემ მე-13 წუთზე პენალტი მოიგერია, ვინისიუსის თერთმეტმეტრიანი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ გიორგიმ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბრაზილიელს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.
პენალტიდან ორი წუთიც არ იყო გასული, „ვალენსია“ რომ დაწინაურდა. მუხტარ დიახაბიმ კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მალევე, დიახაბიმ საკუთარი კარიც დალაშქრა, შესაშური დარტყმით, მაგრამ „ვალენსიას“ კაპიტანს გაუმართლა, მომენტის დასაწყისში კილიან მბაპე ოფსაიდში იყო და მისი ავტოგოლიც გაუქმდა. პირველ ტაიმში მამარდაშვილმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სეივი მიითვალა, როცა კილიან მბაპეს უძლიერესი დარტყმა კუთხურზე ეფექტური ნახტომით მოიგერია.
გიორგიმ მეორე ტაიმის სტარტზეც იხსნა თავისი გუნდი, თუმცა, ვერაფერი გაახერხა 50-ე წუთზე, როცა ვინისიუსმა ახლო მანძილიდან გაუტანა - 1:1. ეს გოლი დაცვის ბრალი იყო, ბრაზილიელი კარის წინ სრულიად მარტო დატოვეს.
71-ე წუთზე მამარდაშვილი „რეალს“ წინაღობად კიდევ ერთხელ გამოუჩნდა, როცა ფედერიკო ვალვერდეს დარტყმა სასწაულებრივ უკუაგდო... მთლიანობაში ქართველმა მეკარემ 8 მოგერიება მიითვალა.
„ვალენსიამ“ კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოიგო! 95-ე წუთზე „ღამურების“ სწრაფი კონტრშეტევა უგო დურომ გოლით დაასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა, ეს არ იქნებოდა გამარჯვების გოლი, რომელმაც 96-ე წუთზე კიდევ ერთხელ დიდებული მამარდაშვილი, რომელმაც პირისპირ ანტონიო რიუდიგერსაც აჯობა! საბოლოოდ, „ლოს ჩემ“ 2:1 მოიგო.
„ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.
„რეალს“ ეს მარცხი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს საჩემპიონო ბრძოლაში, რადგან „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация