თბილისის ‘არმიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ 42:20 სძლია, სამით ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღო და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.
ეს იყო crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურის პირველი შეხვედრა, რომელსაც „ავჭალის“ სტადიონმა უმასპინძლა. არმიელებს რუსთაველები პირველ წრეშიც ყავდათ დამარცხებული, ახლა კი მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს და უფრო დიდი სხვაობით მოიგეს. შედეგად, ‘არმიამ’ ‘ხარების’ მსგავსად 38 ქულა დააგროვა და მას ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით გადაასწრო. თამაში „სარბიელის სინზეც“ იმართებოდა, რომელსაც რუსთაველები 16 თებერვლიდან ფლობდნენ და ახლა ის ‘არმიას’ გადაულოცეს.
მერლს პიტერსმა მატჩის დებიუტში ორი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 6:0 დააწინაურა. ‘ხარებმა’ სანდრო მარგიანის ჯარიმებით მე-10 და მე-16 წუთებზე უპასუხა, თანაც მეორე ეპიზოდში ‘არმიამ’ სინბინით დავით ბარბაქაძე დაკარგა, მაგრამ ამ 10 წუთიანი უპირატესობით ხარებმა ვერ ისარგებლა. მერე რუსთაველებს შეცდომები მოუმრავლდათ, განსაკუთრებით დერეფანში და ტაიმის ბოლოს ‘არმიამ’ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.
30-ე წუთზე პიტერსმა თბილისელები ჯარიმით დააწინაურა, 4 წუთში კი კოლი ტამანიტოაკულამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ზედ შესვენების წინ თბილისელებმა დერეფნიდან მოლით შეუტიეს, რასაც დიმიტრი ცაბაძის ლელო და პიტერსის გარდასახვა მოყვა - 21:6.
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ყვითელი ბარათი გიორგი გოგოლაძემ მიიღო და ‘არმიამ’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. კარგი შეტევა გიორგი გელაშვილის ლელოთი დასრულდა და პიტერსმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 64-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო თენგო გიგოლაშვილმა გაიტანა, 5 წუთში კი ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ თავი პიტერსმა გამოიჩინა. მან გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა, თუმცა 73-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
დასკვნით წუთებში რუსთაველთა ფრთა ანარე ტუიტამ და ლუკა კოხიამ ორი ლელოთი ანგარიში შეალამაზეს, მაგრამ ‘არმიამ’ გამარჯვებასთან ერთად ბონუსის შენარჩუნებაც მოახერხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფარნა გასვიანი გახდა.
RUGBY.GE