საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთთან მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და პრესკონფერენცია გამართა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, დააანონსა, რომ გურამ კაშიას არყოფნაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს.
"სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. B ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მჯერა, რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად.
ბოლო ორი წელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დატვირთული იყო. ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და გადაღლილები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ახლა, ზამთრის შესვენების შემდეგ, უკეთეს ფორმაში არიან და მარტში ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ, ვიდრე ნოემბერში გვქონდა.
გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად, გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრეც შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის, რაც ემპოლიში აჩვენა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ.
ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ. მიხარია, რომ კვარაცხელია პსჟ-ში კარგად თამაშობს, ის ბედნიერია. ვხედავ, როგორ ეხმარება დაცვასაც და შესაბამისად, ჩვენც იგივეს ვითხოვთ. ამას არ ვეტყვი, რადგან დარწმუნებული ვარ, წაიკითხავს.
მამარდაშვილი? "ვალენსიას" ძალიან რთული სეზონი აქვს. გიორგის დიდი ხანია არ დაუსვენია, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ზოგჯერ ფეხბურთელებს სჭირდებათ დასვენება, არა მხოლოდ სხეულის, არამედ ტვინითაც. ოქტომბერ-ნოემბერში, ის არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მალე მოახერხებს ფორმის დაბრუნებას, ვიცით, რა დონეზე შეუძლია თამაში.
ლაცაბიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ შრომა გააგრძელა ის ამ ნაკრების მომავალი იქნება. თუ სამომავლოდ მისი გამოყენება მსურს, უფრო ხშირად უნდა ვნახო საქმეში. ივნისში ეს არ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ახლა.
ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში, პრიორიტეტული ახალგაზრდული ნაკრები იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული გუნდისთვის.
ჩვენი საოცარი გულშემატკივრების და მოტივირებული და ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერასდროს მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ძალიან ვაფასებ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, როგორც საქართველოში, ისე გასვლით თამაშებზე", - თქვა სანიოლმა.
საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.