საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ტიტე კალანდაძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში ბოსნიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 28:26 აჯობა.
მოედანზე საუკეთესო გიორგი ცხოვრებაში იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. თეიმურაზ ორჯონიკიძის აქტივში 6 გოლია, ირაკლი კბილაშვილმა თავი 5-ჯერ გამოიჩინა, ხოლო გიორგი დიხამინჯიამ - სამჯერ.
ჯგუფში 6 ქულით ისლანდიაა ლიდერი, საქართველოს, საბერძნეთსა და ბოსნიას 2-2 ქულა აქვთ, მაგრამ მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. 16 მარტს, კალანდაძის შეგირდები ბოსნიას უკვე სტუმრად შეხვდებიან, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპს 7-11 მაისს, საბერძნეთსა (შინ) და ისლანდიასთან (სტუმრად) მატჩებით დაასრულებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპს თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო, ასევე, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაძლევს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის იანვარში გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2024 წელს იასპარეზა, როცა ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებისა და შვედეთის წინააღმდეგ დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია