ფეხბურთი

10:15 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ასწიეთ ხელი, ვინც დაინახეთ, რომ შეხება ორჯერ იყო! პენალტების სერიაში VAR-ი არასდროს მინახავს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალთან“ პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ ისაუბრა.

არგენტინელი სპეციალისტი ამაყია თავისი ფეხბურთელებით და მსაჯის გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანა ხულიან ალვარესის პენალტთან დაკავშირებით.

„ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს მონაწილეობდნენ პენალტებში, სხვა დროს არ მონაწილეობდნენ სერიაში, მხოლოდ ობლაკი იყო, მაგრამ ეს ალიბი არ არის. როგორც მსაჯმა გადაწყვიტა, ხულიანი ბურთს ორჯერ შეეხო, თუმცა, მე ვერ დავინახე, რომ ბურთმა მიმართულება შეიცვალა. ხელი ასწიეთ, ვინც დაინახეთ, რომ ორჯერ შეეხო... არავინ სწევთ? კარგი, შემდეგი შეკითხვა...

მე არასოდეს მინახავს პენალტების სერიაში VAR ჩარეულიყო. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ბედნიერი ვარ. ვერ დავამარცხეთ, მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდათ. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ ამ ბიჭებთან თამაში ყოველთვის უჭირდათ.

დაუჯერებელი თამაში ვაჩვენეთ, დიდი ძალისხმევით. კარგად ვაკონტროლებდით გუნდს, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს. ფანებმა სტადიონი დამწუხრებულებმა დატოვეს, მაგრამ იციან, რომ მათმა გუნდმა ყველაფერი გაიღო. იციან, რომ ცუდია მარცხი, მაგრამ აპლოდისმენტებს ვიმსახურებთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოვარდით, ადვილად მოსანელებელი არ არის, მაგრამ კვირას შესანიშნავი მეტოქე გვყავს. ცხადია, „ბარსას“ უნდოდა, რომ დამატებითი დრო გვეთამაშა. დაღლილები ვართ, მაგრამ ვითამაშებთ, როგორც საჭიროა და ყველაფერს გავიღებთ.

ყველაზე ცუდ „რეალთან“ გავვარდით? ძალიან მკაცრი შეფასებაა, მათ დიდი ფეხბურთელები ჰყავთ და ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ეს „ლივერპულის“ მწვრთნელმაც თქვა.

არ ვისაუბრებდი უიღბლობაზე, ვისაუბრებდი იმაზე, რომ ვიამაყოთ იმ გუნდით, რომელიც გვყავს, თუ როგორი კონკურენტუნარიანები ვართ. მთელი თამაშის განმავლობაში ყველაფერს კარგად ვაკონტროლებდით, გვქონდა შანსები, რომ უპირატესობა გაგვეზარდა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე გვაკლდა. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. პენალტი გააფუჭეს, თუმცა, ჩვენ წარმოუდგენელი სამუშაო შევასრულეთ.

პენალტები ვარჯიშზე განსხვავებულია, ვიდრე მატჩებში. ხულიანი თითქოს ეხება ბურთს, როდესაც ურტყამს, რადგან მსაჯმა ასე დაინახა, ასე იქნება. უბრალოდ უნდა ვიამაყოთ ჩვენი გუნდით, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ თითქმის ყოველთვის გვამარცხებს, მაგრამ ამის გაკეთება მათ უჭირთ, მართლა უჭირთ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 2014, 2015, 2016, 2017 და 2025 წლებში.

0.063327